“დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი” - აშშ-ის ვირტუალური საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 38
ამერიკის შეერთებული შტატების ვირტუალური საელჩო თეირანში საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც პრესრელიზიდან ირკვევა, დიპლომატიური უწყება ირანში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.
საელჩო ამერიკელებს სთხოვს, არ ისარგებლონ საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით და ირანიდან მხოლოდ სახმელეთო საზღვრის გავლით გავიდნენ. დიპლომატიურ უწყებაში განმარტავენ, რომ ინტერნეტის მასობრივი გათიშვების, გზების გადაკეტვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვების ფონზე დროთა განმავლობაში მათ ქვეყნის დატოვება კიდევ უფრო გაუჭირდებათ. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა საელჩოს ოფიციალური წარმომადგენლობა თეირანში არ ჰყავს. შესაბამისად, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს.
დიპლომატიური უწყება ირანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს სთხოვს, დარჩენის შემთხვევაში მოიმარაგონ საკვები, წყალი, წამლები და სხვა ყველა საჭირო ნივთი. ასევე, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეებში გამოჩენისა და მასობრივ პროტესტებში მონაწილეობის მიღებისაგან. საელჩო აღნიშნავს, რომ ახლა ამერიკელებისთვის ქვეყნიდან გასვლის ყველაზე უსაფრთხო და მოსახერხებელი გზა სომხეთისა და თურქეთის საზღვრების გადაკვეთაა. შეგახსენებთ, ორივე ეს სახელმწიფო აშშ-ის მოქალაქეებს ირანიდან შესვლის უფლებას უვიზოდ აძლევს.
აშშ-ის ვირტუალური საელჩოს განცხადება დროში ემთხვევა ომანში დღეს დაანონსებულ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის დიპლომატიურ შეხვედრას. მხარეების განხილვის თემა ბირთვული პროგრამა, ბალისტიკური და სხვა მძლავრი რაკეტების რაოდენობა და რეგიონში ირანის მოკავშირე ტერორისტული ორგანიზაციების დახმარება იქნება.
No article in the selected categories
