„დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი“ - რომელი სახელმწიფოები აფრთხილებენ მოქალაქეებს?

“დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი” - ამ შინაარსის განცხადებები უკვე მსოფლიოს 8 სახელმწიფომ: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პოლონეთმა, შვედეთმა, გერმანიამ, ავსტრალიამ, სერბეთმა, სამხრეთ კორეამ და ინდოეთმა გაავრცელეს.

უწყებებმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს, გადაწყვეტილება დროულად მიიღონ, რადგან სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, მათი ცხელი წერტილიდან გამოყვანა თითქმის შეუძლებელი გახდება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, მსგავსი განცხადებების გაჟღერება პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული საჰაერო თუ სახმელეთო სივრცეების სრულად ჩაკეტვასთან, რა ზომასაც, მაღალი ალბათობით, ირანი დაპირისპირების დაწყების შემთხვევაში მიმართავს.

ვიდრე ოფიციალური ვარშავა, სტოკჰოლმი და ბერლინი ყურადღებას ზოგად რისკებზე ამახვილებენ და თანამოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებენ, ავსტრალიისა და დანარჩენი ქვეყნების მთავრობები პირდაპირ საუბრობენ მათი თანამოქალაქეების უკანონო დაკავებების მაღალ რისკსა და საკომუნიკაციო ქსელების, მათ შორის ინტერნეტის მოსალოდნელ სრულ გათიშვაზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ პრევენციული განცხადებები ჯერ კიდევ იანვრის თვეში გააჟღერეს იტალიამ და ესპანეთმა, თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საევაკუაციო მოწოდებების ახალი ტალღა მოვლენების უმძიმესი სცენარით განვითარების მაღალ ალბათობაზე მიუთითებს.