ისრაელის ჯარები ლიბანში შევიდნენ
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 64
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაცია ოფიციალურად დაიწყეს. არსებული ინფორმაციით, 91-ე დივიზიის ქვედანაყოფებმა უკვე გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და გამყოფი ხაზის მიღმა სტრატეგიულ წერტილებს იკავებენ, რათა შექმნან ე.წ. „თავდაცვის სარტყელი“ და აღკვეთონ ტერორისტების შემოჭრის მცდელობები. როგორც ირკვევა, ეს ქმედება ნაწილია 4 დღის წინ დაწყებული ოპერაცია, „ლომის ღრიალის“, რომელიც მიზნად იმ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას ისახავს, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წლების განმავლობაში ისრაელის საზღვართან აშენებდა.
თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა დაადასტურა, რომ მან და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ არმიას ლიბანის ტერიტორიაზე დამატებითი პოზიციების დაკავების უფლება მისცეს. კაცის განცხადებით, ეს ნაბიჯი აუცილებელია ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებების პირდაპირი ცეცხლისგან დასაცავად. „ტერორისტული ორგანიზაცია იხდის და მომავალშიც გადაიხდის უმძიმეს ფასს ისრაელის მიმართულებით გახსნილი ცეცხლისთვის,“ - აღნიშნა მინისტრმა და ხაზგასმით დაამატა, რომ გალილეის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იქნეს.
საპასუხოდ, „ჰეზბოლამ“ ოფიციალურად გამოაცხადა ომში ჩართვის შესახებ და ბეირუთის დაბომბვის საპირწონედ ისრაელის რამატ დავიდის საჰაერო ბაზაზე დრონების გუნდით იერიში მიიტანა. დაჯგუფება ამტკიცებს, რომ მათი სამიზნე ბაზის რადარები და საკონტროლო ოთახები იყო. აღნიშნული ესკალაცია მოჰყვა ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ლიკვიდაციით გამოწვეულ შოკს, რის შემდეგაც „ჰეზბოლამ“ თეირანის პირდაპირი ბრძანებით 2024 წლის ბოლოს მიღწეული სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში დაჯგუფება ინტენსიურად ბომბავდა გალილეას, ხაიფასა და მიმდებარე ხეობებს, მათ შორის იერიში მიიტანეს თავდაცვის ობიექტ მიშმარ კარმელზეც. საპასუხოდ, ისრაელის არმიამ სიღრმისეული დარტყმები განახორციელა ორგანიზაციის იარაღის საწყობებსა და სადაზვერვო შტაბ-ბინებზე. 91-ე დივიზიის სახმელეთო მანევრი სწორედ ამ საფრთხეების საზღვრიდან დაშორებასა და ევაკუირებული მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს აღდგენას ემსახურება.
No article in the selected categories
