უნგრელების 62%-ს არ სჯერა ორბანის განცხადებების, თითქოს უკრაინა მათ ომში ჩართვას ცდილობს

Political Capital-ის დაკვეთით Median-ის მიერ 23-26 მარტს ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით, უნგრეთში ქვეყნის მცხოვრებთა 62% სიმართლედ არ მიიჩნევს პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს უკრაინა მათ ომში ჩათრევას ცდილობს.

კითხვაზე, ცდილობს თუ არა უკრაინა ევროკავშირისა და NATO-ს დახმარებით უნგრეთის ომში ჩათრევას, გამოკითხულთა 62%-მა უარყო ეს მტკიცება, როგორც „ერთმნიშვნელოვნად მცდარი“ ან „სავარაუდოდ სიცრუე“. ამომრჩეველთა 29% მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება სიმართლე იყოს.

 ამავე კვლევის თანახმად, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მხარდამჭერებს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ოპოზიციური პარტია „ტისას“ (Tisza) მხარდამჭერთა 92% არ ეთანხმება მტკიცებას, თითქოს უკრაინა უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობს.

 ორბანის პარტია „ფიდესის“ (Fidesz) ამომრჩეველთა 78%-ს გარკვეულწილად სჯერა ამ განცხადების, მათგან 67% კი მას ცალსახად ჭეშმარიტებად მიიჩნევს.

 გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს შორის 54% მიიჩნევს, რომ ეს მტკიცება ნამდვილად ან სავარაუდოდ მცდარია, ხოლო 23% მას ნამდვილად ან სავარაუდოდ მართებულად მიიჩნევს.

 სატელეფონო გამოკითხვაში 1000-მა უნგრელმა მიიღო მონაწილეობა.