სომხეთში არჩევნების წინ პრორუსი ოპოზიციონერები დააკავეს - Reuters

სომხეთის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა, საარჩევნო ქრთამის მიცემისა და მიღების ბრალდებით, პრორუსულ ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირებული 14 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მანამდე, სამშაბათს, დააკავეს ოპოზიციური პარტიის, "ძლიერი სომხეთის", კიდევ ორი წევრი, რომლებსაც არჩევნების პერიოდში საქველმოქმედო საქმიანობის აკრძალვის დარღვევაში დასდეს ბრალი.

დღეს დილით, ანტიკორუფციულმა კომიტეტმა პარტია "ძლიერი სომხეთის" სხვადასხვა ოფისში ჩხრეკა ჩაატარა და 14 ადამიანი დააკავა. ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, სად გადაიყვანეს ეს პირები, რა ვითარებაში და რა მიზეზით," - განაცხადა პარტიის ადვოკატმა იურა დილანიანმა.

 

სომხეთი 7 ივნისს საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს, სადაც აშშ-ში დაფუძნებული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თებერვლის კვლევის თანახმად, "ძლიერი სომხეთი" მმართველ პარტია "სამოქალაქო კონტრაქტის" შემდეგ მეორე ადგილზეა.

"ძლიერ სომხეთს" სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს, რომელსაც მთავრობის დამხობისკენ საჯარო მოწოდებების გაკეთებაში ადანაშაულებენ. ის გასული წლის ივნისში დააკავეს მას შემდეგ, რაც მან მთავრობა სომხური სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის შესაჩერებლად "საკუთარი გზით" იმოქმედებდა. ის უარყოფს, რომ მთავრობის დამხობას ცდილობდა და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.