ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაახანგრძლივა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 95
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაახანგრძლივა და ახალი საჰაერო დარტყმების განხორციელებაზე დროებით უარი განაცხადა. როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება პაკისტანის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე მიიღო.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა და არმიის მეთაურმა, ასიმ მუნირმა თეთრ სახლს იერიშების შეჩერება სთხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამაბადს, როგორც შუამავალ მხარეს სურს, ირანის ხელისუფლებას ომის დასასრულებლად ერთიანი გეგმის შემუშავებისთვის დრო მისცეს. იმ გეგმის, რომლის მიხედვითაც მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი უნდა გაიმართოს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იერიშების შეჩერების მიუხედავად, აშშ ჰორმუზის სრუტეში ირანული გემების ბლოკადას კვლავ აგრძელებს. პრეზიდენტმა სამხედროებს დაავალა, რომ ნებისმიერი სცენარისთვის სრული მზადყოფნა შეინარჩუნონ. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მანამ გაგრძელდება, სანამ ოფიციალური თეირანი საკუთარ წინადადებას წარადგენს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მანამდე ტრამპი CNBC-ი ინტერვიუში ირანის დაბომბვის დაწყებას ვარაუდობდა.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პროცესი გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული. ირანი მის პორტებზე ამერიკული ბლოკადის პირობებში დიალოგზე უარს ამბობს. როგორც POLITICO წერს, ირანული მხარე დელეგაციის გაგზავნას მხოლოდ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გეგმავს.
No article in the selected categories
