ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 75
ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და დედოფალი კონსორტი კამილა სახელმწიფო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდნენ. მონარქს თეთრ სახლში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ, მელანია ტრამპმა უმასპინძლეს. Reuters-ის ინფორმაციით პრეზიდენტი და მონარქი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში მიღების ცერემონიას დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 250-ე წლისთავს ეძღვნება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მეფე ჩარლზ III-ის ვიზიტი 4 დღეს გაგრძელდება და ის აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლასაც ითვალისწინებს. მოსალოდნელია, რომ იგი ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ ალიანსსა და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე ისაუბრებს. არსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში საზეიმო ვახშამიც გაიმართება. ამასთან, მონარქი ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე სხვადასხვა სფეროს ლიდერებსაც შეხვდება. ჩარლზ III ნიუ-იორკში გამგზავრებასა და იქ შეხვედრების გამართვასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მონარქი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად იმყოფება. ვიზიტი აშშ-ის მიერ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების საიუბილეო თარიღს უკავშირდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ვაშინგტონში მომხდარი სროლის გამო დედაქალაქში განსაკუთრებითაა გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები.
No article in the selected categories
