რუსეთის საგარეო უწყება: ტრამპის მუქარები რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ უწყობს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარები რუსეთის მისამართით რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ უწყობს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

„ვერცერთი მუქარა, ვისგანაც ის არ უნდა მომდინარეობდეს, ნორმალიზაციის პროცესებზე კარგად არ აისახება. ეს უბრალოდ თეორიული პასუხია პრაქტიკულ კითხვაზე. თეორიული იმიტომ, რომ ეს ბუნების კანონია“, - თქვა ზახაროვამ.

მისი განცხადებით, თუ ურთიერთობების ნორმალიზაცია საჭიროა, მაშინ მუქარის საკითხმა უკანა პლანზე უნდა გადაიწიოს.

ზახაროვას თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე გამოეხმაურა ტრამპის მუქარებს ახალ სანქციებთან დაკავშირებით. „გაცხადებული იყო, რომ ჩვენმა ქვეყანამ მხედველობაში მიიღო ვაშინგტონიდან მომდინარე განცხადებები“, - დასძინა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.