თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ, ნაომი სარდანაძემ ჯამში მოიგო 6 ტენდერი 401 000 ლარის ღირებულების და აქედან 4 უკონკურენტოდ მოიგო" , - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი“ საქართველოს ერთ-ერთლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განცხადება თანაგუნდელებთან ერთად თერჯოლაში გააკეთა.
როგორც გეგელია აღნიშნავს, „ოცნების“ რეჟიმმა სახელმწიფო ტოტალური კორუფციის ჭაობში ჩააფლო", რადგან ეს და კიდევ სხვა ასობით უკონკურენტოდ მოგებული ტენდერები მიუთითებს იმაზე, რომ "კორუფციის შემზარავი მაგალითები არსებობს“.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე ისაუბრა თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარეზეც, რომლის დედაც შპს „ბორანის“ მოქმედი დირექტორი, თავაც კი ამ კომპანიის 22%-იან წილს ფლობდა.
2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში მან მიუთითა, რომ 2021 წელს, როგორც წარსულში „ბორანის“ მეწილემ, მან და მისმა ოჯახის წევრებმა ჯამში ჩვენი ბიუჯეტიდან 156 893 ლარის შემოსავალი მიიღეს - ამბობს გეგელია.
მისივე თქმით, ამავე კომპანიას აქვს მოგებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის 12 ტენდერი.
„მინდა აქედან გავამახვილო ყურადღება კიდევ ერთ ძალიან მძიმე საკითხზე, რომელიც ეხება არამარტო თერჯოლას, არამედ სრულიად იმერეთს, დასავლეთ საქართველოს და მთელ ქვეყანას - ეს არის ტოტალური კორუფციის ჭაობი, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ჩვენი სახელმწიფო ჩააფლო. სისტემური კორუფციის უამრავი მაგალითი გვაქვს, რაც ჩვენ სახელმწიფოში ტრიალებს, რამდენიმე მათგანს თერჯოლის მაგალითზე მოვიყვან, მაგალითისთვის: თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ, ნაომი სარდანაძემ ჯამში მოიგო 6 ტენდერი 401 000 ლარის ღირებულების და აქედან 4 უკონკურენტოდ მოიგო. ეს კომპანია ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ შემსყიდველზე დამოკიდებული მიმწოდებელია და მხოლოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს. მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი მაგალითი იმ მრავალი მაგალითიდან, რომელიც აქ გვაქვს, ეს არის შემზარავი მაგალითები სახელმწიფოში, სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, სადაც ათობით ათასი ადამიანი საკუთარ ქალაქს და სოფელს ტოვებს და ემიგრაციაში მიდის.
ასეთ ქვეყანაში, ერთ პატარა ქალაქში შესაძლებელია რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას კვლავაც იკავებდეს ადამიანი, რომელიც არის შპს „ბორანის“ მოქმედი დირექტორის დედა და რომელიც წარსულში ამავე კომპანიის 22%-იან წილს ფლობდა. 2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში მან მიუთითა, რომ 2021 წელს, როგორც წარსულში „ბორანის“ მეწილემ, მან და მისმა ოჯახის წევრებმა ჯამში ჩვენი ბიუჯეტიდან 156 893 ლარის შემოსავალი მიიღეს.
რასაკვირველია, ეს შპს ყოველთვის „შემთხვევით“ იგებს ყველა ძირითად ტენდერს: თერჯოლაში 15, ზესტაფონში 22, ბაღდათის მუნიციპალიტეტში 3 ტენდერი. ამავე კომპანიას აქვს მოგებული საავტომობილო გზების დეპარტამენტის 12 ტენდერი. ასეთი ათობით და ასობით ფაქტი გვაქვს, ეს ფაქტები აჩვენებს იმას, თუ როგორ ხდება დღეს ქართველი ხალხის ძარცვა ე.წ. არჩეული პირების მიერ, რომელიც არავის აურჩევია, რომელსაც არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, გააჩნიათ ერთი ინტერესი - ემსახურონ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს და გაისქელონ საკუთარი ჯიბე იქამდე, სანამ ჩვენი სოფლები და ქალაქები იცლება", -განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.