იმედი გვაქვს, რომ ვიდრე დღის წესრიგში დადგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, მანამდე ევროკავშირი დაძლევს ყველა ამ პრობლემას, რაც არის დაკავშირებული დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დეფიციტთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები.
„სამწუხაროდ, ევროპის კონტინენტზე განვითარდა მოვლენები, რამაც მთლიანად ევროპას და მათ შორის, კონკრეტულად ევროკავშირს სერიოზული ზიანი მიაყენა. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია სამწუხაროდ, არსებითად იმართება გარე გავლენებით, შესაბამისად, მათ უჭირთ ობიექტურ ინტერესებზე დაფუძნებით გადაწყვეტილებების მიღება. სუვერენიტეტის დეფიციტი არის ევროპის მასშტაბით მთავარი პრობლემა. ევროპის მასშტაბით რამდენიმე სახელმწიფო შემორჩა, რომელიც მტკიცედ იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ეს არის საერთო პრობლემა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიდრე დღის წესრიგში დადგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, მანამდე ევროკავშირი დაძლევს ყველა ამ პრობლემას, რაც არის დაკავშირებული დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დეფიციტთან“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სრულ აბსურდშია ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები.
„ისედაც, საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ასეთ პირობებში, თავადაც ხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია. ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. სამწუხაროდ, სრულ აბსურდშია ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაფრთხილება, რომლისთვისაც იბრძოდა არაერთი თაობა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ განვითარება, პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. იმას, რისთვისაც იბრძოდა არაერთი თაობა ჩვენი ქვეყნის, მათ შორის 80-იან, 90-იან წლებში. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების უმთავრესი გარანტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი.
„მე გამჭირდება თქმა, გაითვალისწინებს თუ არა ევროკომისია საკუთარ ანგარიშს, სადაც საუბარია მნიშვნელოვან პროგრესზე საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი - რეფორმების თვალსაზრისით, არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით. ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში, ქულებით შეფასება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საქართველო ბევრად უსწრებდა როგორც მოლდოვას, ისე ბოსნიას, თუმცა გახსოვთ, რომ მაშინ ამ ორ ქვეყანას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს - არა. ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო უპირობო ლიდერია, არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეს ბოლო შეფასება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრ 10-მდე სახელმწიფოსაც კი ვუსწრებთ პრაქტიკულად ყველა პარამეტრით, თუმცა ხედავთ, რომ დამოკიდებულება არის უსამართლო და ამ უსამართლობის მიზეზიც არის ის, რომ სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე ძალების კარნახით, რომელთაც არ სურთ მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით სურს.
„როდესაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების ან მშვიდობის, კეთილდღეობის დათმობას, არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე, ეს არის არასწორი დილემა. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში პრინციპებს ვერ გადავუხვევთ“, - განაცხადა პრემიერმა.