"რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული" - ირაკლი კობახიძე

დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და სწორედ ამის გამო, საკუთარ გადაწყვეტილებებშიც არ არიან ჩამოყალიბებული, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს ამბობენ, ხან მესამეს აკეთებენ, ეს არის სისუსტის გამოვლინება. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინცდამაინც არც განათლება გამოარჩევთ და არც არაფერი. 

„რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატის დასახელებას, ესეც სისუსტის გამოვლენაა. რეალურად, ხედავთ, რომ ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინცდამაინც არც განათლება გამოარჩევთ, არც გამოცდილება და არც არაფერი, ეს ძალიან კარგია, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა არის ის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რომელიც ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ.

 

„ჩვენ ხშირად, როდესაც ვუპირისპირდებოდით პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, გახსოვთ ხომ ბრენდირების მცდელობა, საბჭოური სტილის კამპანიები, კლანი და ა.შ. მარტივ რამეს ვეკითხებოდით ოპონენტებს - დაესახელებინათ კონკრეტული საქმეები, სადაც მათი აზრით უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არავითარი ასეთი ფაქტები არ მოუტანიათ, ამის ნაცვლად გრძელდებოდა პოლიტიკურად მოტივირებული კამპანიები, რაც შემაშფოთებელია. ჩვენ ვერავის მივცემთ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხელყოფის შესაძლებლობას, ეს არის ის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ეს ორმაგი სტანდარტები აჩვენებს იმას, რომ ეს ადამიანები არიან უცხოური გავლენის აგენტები და მათ უწევთ მოქმედება მხოლოდ გარე დავალების შესაბამისად.

 

„კლდიაშვილს რაც შეეხება, მას უწევს ხან ერთის ლაპარაკი, ხან მეორეს კეთება. გახსოვთ, რომ ყველა ეს ადამიანი ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევას და ამ დროს თვითონ რუსეთის მოქალაქეებთან ერთად აკეთებენ ბიზნესს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ახსნა - ეს ადამიანები არიან უცხოური გავლენის აგენტები და სხვა ე.წ. ენჯეოშნიკების პოზიციაც არის ამასთან დაკავშირებული. მათ არ აქვთ არავითარი ღირებულებები, არავითარი პრინციპები და შესაბამისად, ისინიც მიჰყვებიან ორმაგ სტანდარტებს. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ხოშტარია, ე.წ მთავარი ანტირუსი ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პირდაპირ რუსეთის ხაზინიდან იღებდა დაფინანსებას, არც ოპოზიციას და არც ენჯეოებს არ ჰქონიათ არავითარი რეაქცია. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ჩვენი გუნდის რომელიმე წევრს რომ მიეღო ასეთი ოდენობის თანხები რუსეთის ბიუჯეტიდან, რა ამბავი ატყდებოდა. თუმცა, ხოშტარია, რომელიც წარმოადგენს რადიკალურ ოპოზიციას, იღებდა რუსულ თანხებს,  პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამაზე არავის რეაქცია არ ჰქონდა. ეს ორმაგი სტანდარტები აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს ადამიანები არიან უცხოური გავლენის აგენტები და მათ უწევთ მოქმედება მხოლოდ გარე დავალების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ რას ემსახურება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით საუბარი და მუქარა, როდესაც ანგარიშში ასევე ასახულია საქართველოს წარმატებები. 


„ესეც ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა. კიდევ ერთხელ შევადაროთ მოლდოვას ჩვენი ქვეყანა. ეს ქვეყანა ჩაფლულია კორუფციაში, აქვს უკიდურესად სუსტი ინსტიტუტები, არის დსთ-ს წევრი, სანქციები არც მათ დაუწესებიათ. რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2021-2024 წლებში ჩვენ მოლდოვის ეკონომიკასთან სხვაობა გავზარდეთ 11 მლრდ დოლარზე მეტით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3 მლრდ დოლარზე მეტით. ამხელა სხვაობაა საქართველოს და მოლდოვას შორის. ვინც კი ოპოზიციონერი იყო, პარლამენტიდანაც გაუშვეს. არც პოლიტიკური პლურალიზმი, მედიაპლურალიზმი. 2 არხია სულ, 1 არის საზოგადოებრივი მაუწყებელი 1, მე-2 არის საზოგადოებრივი მაუწყებელი 2, რომლებიც სინამდვილეში არის სახელმწიფო ტელევიზიები, პირდაპირ ხელისუფლების სამსახურში არიან ჩამდგარი. ეს არის მოლდოვაში არსებული მდგომარეობა, თუმცა მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს. ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს  და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი. ის მოქმედებს მთლიანად გარე ძალების კარნახით“, -  განაცხადა პრემიერმა.