ქართულ პოლიტიკაში ტრადიციულად ჭირს რაიმე ტიპის კომპრომისის მოძებნა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის.
ეს დღევანდელი მანკიერება არ არის - ასე იყო ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის პერიოდიდან, როდესაც მაშინდელი ლიდერები ვერასდროს ვერაფერში ვერ თანხმდებოდნენ. ისტორიას კარგად ახსოვს ყველასთვის ცნობილი დიდი საქმის გარჩევა მოძრაობის ლიდერებს შორის 1989 წელს. ეს ვიდეო ფართოდ გაავრცელა კომუნისტურმა ხელისუფლებამ, როგორც იმის მაჩვენებელი, რომ “არაფორმალებს ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ, ის კი არა, აგერ ერთმანეთთან ჩხუბობენ”.
კადრები მართლაც არასასიამოვნო იყო - როგორ დაემუქრა გია ჭანტურია ზურაბ ჭავჭავაძეს, რომ გაუხვრიტავს შუბლს....
ამ დროისთვის იმ სცენაში მონაწილე ძირითადი ფიგირები ცოცხლები არ არიან - მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია... ზოგი კი იმდენი ხანია პოლიტიკიდან წავიდა, რომ მათი სახელები თითქმის არავის არაფერს არ ეუბნება.
თუმცა ქართული პოლიტიკის ეს უკურნებელი სენი არსად გამქარალა - ქართველი პოლიტიკოსები საბედნიეროდ ერთმანეთს შუბლის გახვრეტით არ ემუქრებიან - სხვა დროა უკვე, სხვა ეპოქაა და სხვა მანერები. თუმცა, თვისობრივად არაფერი შეცვლილია. ქართველი პოლიტიკოსები კვლავ ვერ თანხდებიან ერთმანეთში მნიშვნელოვან თემებზე.
თანაც ეს ხდება იმ დროს, როდესაც ყველას ერთად ციხე ემუქრებათ - თუ ოპოზიცია საბოლოოდ დამარცხდა, ქოცობამ კი გაიმყარა ძალაუფლება და დაიწყო ყველა თვისი დანაპირების შესრულება - ციხეში აღმოჩნდება ყველა, პოზიციისგან განურჩევლად.
ამაზე მეტყველებს ის, რომ ქოცობა ყველას, მათ შორის, გახარიას პარტიას და ლელოს, მიიჩნევს ისეთივე ნაცმოძრაობად, როგორც თავად ნაცმოძრაობას. გახარიას ემუქრება 15-წლიანი სასჯელი გამოგონილი ბრადლებით, ხაზარაძე და ჯაფარიძე ციხეში არიან ისევე, როგორც მათთან პოლიტიკურად დაპირისპირებული მელია და გვარამია.
რეჟიმს არ აინტერესებს სხვაობა პოლიტიკოსების მხოფლმხედველობებს შორის - მისთვის ყველა, ვინც არ აღიარებს ბიძინა ივანიშვილი გლობალური და საპლანეტთაშორისო გენიოსობას - მტერია, დანარჩენი კი - წვრილმანებია, რომლებსაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
რეჟიმის მთავარი მიზანია ყველას გაჩუმება, უკეთეს შემთხვევაში - ემიგრაციაში წასვლის იძულება.
ოპოზიციისთვის ერთ-ერთი აუღებელი ციხე-სიმარგე იყო და დღემდე რჩება სხვადასხვა არჩევნებში ერთობლივ კანდიდატებზე შეჯერება.
საოცრებაა - ყველამ ზუსტად იცის, რომ ცალ-ცალკე, 4 ,5, ან 7 კანდიდატით გასვლის შემთხვევაში გამარჯვების შანსი არც ერთს არა აქვს - ყველა გარანტირებულად წააგებს.
რომ იყოს გამარჯვების თუნდაც თეორიული შანსი - კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ის არ არსებობს, და ეს თავად პოლიტიკოსებმა იციან.
იციან, მაგრამ ჯიუტად აგრძელებენ მარცხზე განწირული თამაშის წესებით მოქმედებას - ერთი და იგივე შედეგით.
ბოლო დღეებში ამ კუთხით დაფიქსირდა პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ნამდვილად, პრეცედენტი - ლელომ და გახარიას პარტიამ წააყენებს თბილისის მერობაზე ერთიანი კანდიდატი.
არსებითად, არა აქვს დიდი მნიშვნელობა კანდიდატის სახელს - ვინც არ უნდა იყოს ის, მას მოუწევს საქმიანობა სრულიად ტოქსიკურ გარემოში, მთელი სახელმწიფო აპარატის წინააღმდეგობის და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მხრიდან ბოიკოტის პირობებში.
არც იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენად სწორია ზოგადად არჩევნებში მონაწილების გადაწყვეტოლენა - ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ როგორც იქნა, 2 ქართული ოპოზიციური პარტია რაღაც საკითხზე შეთანხმა.
თანაც შეთანხმდა საგნობრივად, და არა “ერთიანი საკოორდინაციო ცენტრის” შექმნის დონეზე, სადაც 20 პარტია საათობით იხილავს ყველა წვრილმან საკითხს და საბოლოოდ ვერანაირ ეფექტურ გადაწყვეტილებას ვერ იღებს.
გასაგებია, რომ ამ ეტაპზე ეს არის ლოკალური წარმატება და მას ჯერ-ჯერობით ვერ ჩავთვლით ქართულ პოლიტიკაში ახალი თამაშის წესების გამოჩენად. მანამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა, რომლის ბოლოშიც შესაძლოა არც ერთი დღეს მოქმედი პოლიტიკოსი უკვე არ იქნება სცენაზე.
თუმცა, თავად ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პრეცედენტი - თურმე, კარგად რომ მოინდომო - შესაძლებელია.
თენგიზ აბლოთია