პრეზიდენტის წერილის პათოსს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ - ირაკლი კობახიძე

მე პრეზიდენტის წერილის პათოსს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ, ჩვენი გზავნილი ყველასათვის ცნობილია, ჩვენ გვინდა, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, თუ „დიფ სთეითი“ არ იმძლავრებს, ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას.

„ჩვენთვისაც, როგორც საზოგადოებისთვის, გასაკვირია ის ერთგვარი პასიურობა, რომელსაც ვხედავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს პასიურობა გადავიდეს სხვა რეჟიმში, აქტიურ რეჟიმში და შესაბამისად დავიწყოთ საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე. ვიტოვებთ იმედს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გადაიხედება. თუ „დიფ სთეითი“ არ იმძლავრებს, ვფიქრობ, ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას,"- განაცხადა პრემიერმა.

სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი.

„ჩვენ შევთანხმდებით, გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, მათ შორის ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, არის საარჩევნო რეჟიმი და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ