ახალციხეში თანამედროვე სტანდარტებისსპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა, - ახლად აშენებული მულტიფუნქციური კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
“ახალციხის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი უახლოეს მომავალში მიიღებს ახალციხელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ წავახალისოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტის განვითარება. ბევრი ასეთი პროექტი უნდა განხორციელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალციხის სპორტკომპლექსი მოიცავს დიდ დამცირე საცურაო აუზებს, ასევე ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს, რაც როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სპორტის სახეობებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის ქალაქ ახალციხის მერიისთვის გადაცემის პროცედურები. პროცესის დასრულების შემდეგ, დაკომპლექტდება პროფესიული გუნდი და მულტიფუნქციური ცენტრი სრულფასოვან ფუნქციონირებას დაიწყებს.
სპორტული კომპლექსი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.
მთავრობის მეთაური ბორჯომის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო, ასევე დაათვალიერა ახალციხის მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი.
„დღეს სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გვქონდა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიხსნა ბორჯომის ქარხანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ბორჯომის მინერალური წყლის წარმოების გაფართოებას, ექსპორტის გაფართოებას. პროექტი არის ნამდვილად შთამბეჭდავი. ასევე დღეს ვიყავით ბორჯომში, სადაც მოვინახულეთ ბორჯომის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება და გავეცანით უშუალოდ პროექტის მიმდინარეობას.
ახალციხეში ვესტუმრეთ მულტიფუნქციურ სპორტულ ცენტრს, რომელიც პრაქტიკულად უკვე დასრულებული პროექტია და უახლოეს მომავალში ეს ცენტრი მიიღებს ახალციხელებს. ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ წავახალისოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტის განვითარება, ასეთი პროექტები ბევრი უნდა განხორციელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.