კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული, ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი, დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს, კონსტიტუციური პრინციპები და კონსტიტუციური წყობილება ყველამ უნდა აღიაროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზღვარი უნდა იყოს დაცული და ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება.
„კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული, ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი, დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს, კონსტიტუციური პრინციპები და კონსტიტუციური წყობილება ყველამ უნდა აღიაროს. თუ არის ამ კუთხით პრობლემები, ეს რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს კანონმდებლობამ. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა და მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ კანონპროექტის მიღებას.
ზღვარი უნდა იყოს დაცული და ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, აქ ზღვარი არის სათანადოდ დაცული. ერთია გამოხატვის თავისუფლება და მეორეა, კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე, რაც არის ერთ-ერთი უზენაესი ინტერესი. ქვეყანა, სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება, თუ ის მუდმივად იქნება საბოტაჟის რეჟიმში. ამიტომ ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ყველა ვხედავთ, რომ რეალურად ამ კონსტიტუციურ სისტემას, კონსტიტუციურ ორგანოებს სინამდვილეში ყველა აღიარებს, უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები იმისათვის, რომ სცადონ, ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი. ჩვენს საზოგადოებას აქვს საპირისპირო ინტერესი, რომ დამშვიდდეს ეს ქვეყანა და ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს, ამ პრინციპს ეფუძნება კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
"შეხვედრები, რომლებიც გვქონდა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები სხვადასხვა მიმართულებით"
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ფორმატი ინვესტორებთან მუშაობის შესაძლებლობასაც იძლევა.
“დუბაის სამიტი იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. განვიხილავთ პოლიტიკურ საკითხებსაც და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ ფორმატში ეკონომიკურ თანამშრომლობას. მქონდა გამოსვლა პლენარულ ფორმატში, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში. ყველგან მქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა, როგორია ეკონომიკური ტენდენციები, რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს გარშემო შექმნილი. რა თქმა უნდა, ასეთ თემებზე გვქონდა საუბარი ორმხრივ ფორმატშიც. აქაც გვქონდა საშუალება, რომ არაერთი ქვეყნის ლიდერთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან გვესაუბრა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მთლიანობაში, არის ძალიან საინტერესო ფორმატი და ვფიქრობთ, რომ ის შეხვედრები, რომლებიც გვქონდა ამ სამიტზე, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინვესტორებთან მუშაობის შესაძლებლობასაც გვაძლევს ეს ფორმატი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები კომენტარსაც კი არ აკეთებენ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განზრახვას, რომელიც რეალურად ჰქონდა ევროპულ ბიუროკრატიას, რაც გამოხატული იყო მათი პრესსპიკერის განცხადებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, მათ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადეს თავის დროზე 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას.
„მათ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადეს თავის დროზე 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას. მაშინ გამოვიდა ევროკომისიის ოფიციალური პრესსპიკერი და პირდაპირი მხარდაჭერა გამოხატა დამხობისკენ მიმართული აქციის მიმართ, რაც იყო ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ისინი კომენტარსაც კი არ აკეთებენ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განზრახვას, რომელიც რეალურად ჰქონდა ევროპულ ბიუროკრატიას, რაც გამოხატული იყო მათი პრესსპიკერის განცხადებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ევროპაში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა სცეს პატივი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას.
„ჩვენ, საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ ჩარევის კონკრეტული მაგალითები. მათ შორის, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ევროკავშირის ელჩის პირდაპირი გამოსვლა და მოწოდება ქართველი ხალხის მიმართ, რომ მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაზე უხეში და პირდაპირი ჩარევა ალბათ ძნელი წარმოსადგენია. რაც არის ასახული ამერიკულ დოკუმენტებში, ეს ჩვენი თვალით ვიხილეთ საქართველოს მაგალითზე. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. იყო ძალიან მარტივი კოორდინირებული მექანიზმი, რაც მიმართული იყო საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. გახსოვთ, რომ ევროკავშირის კონკრეტული წარმომადგენელი პირდაპირ გამოვიდა და მხარი დაუჭირა დამხობის გამოცხადებულ მცდელობას. ეს ყველაფერი არის კოორდინირებული ნაბიჯები. როდესაც ასეთ სქემებში ჩართულები არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ დამშვიდდეს ჩვენი სისტემა, დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა და შედგეს ძალიან ჯანსაღი დემოკრატიული წესრიგი. საბოლოოდ, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში. მაშინ ჩვენ ვიყავით მარტო, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით თითქმის, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის წევრ ერთ-ორ ქვეყანას, ასევე მსოფლიო მასშტაბით, დამატებით, შეიძლება ერთი - ორი ქვეყანა იყო. საქართველო იყო ძალიან იშვიათი გამონაკლისი, რომელიც საუბრობდა იმ პრობლემებზე, რაც არის შექმნილი ევროკავშირში, მათ შორის დემოკრატიის უკუსვლის კუთხით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ა.შ. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ამერიკულმა დოკუმენტებმა რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
„ჩვენი მხრიდან საუბარი იყო იმავეზე, რაზეც ვსაუბრობთ, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, ეს არის ჩვენი ღიად გაწვდილი ხელი. ამას ველოდებით ჩვენ მოთმინებით საპასუხო რეაქციას და იმედი მაქვს, რომ ეს საპასუხო რეაქცია იქნება ამერიკული მხრიდან. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი დანარჩენი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, კონკრეტული ძალები ერთი მხრივ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდნენ Credit Suisse-ს და ამასთან ერთად ცდილობდნენ ბანკის რეპუტაციის დაზიანებას.
„კონკრეტული ძალები ერთი მხრივ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდნენ Credit Suisse-სდა ამასთან ერთად ცდილობდნენ ბანკის რეპუტაციის დაზიანებას, მათ შორის, პირველ რიგში, იმისათვის, რომ შემცირებულიყო ფასები აქციებზე, რომ უფრო იაფად შეესყიდათ ეს ბანკი. რეალურად, მიზანს მიაღწიეს. ერთი მხრივ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად ძალიან იოლად გამოიყენეს ეს ბანკი კონკრეტულმა ძალებმა, რაც თვალსაჩინოდ ჩანს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმის შემთხვევაში და გარდა ამისა, ყველამ დავინახეთ, რომ ასჯერ და მეტად შემცირდა Credit Suisse-ის აქციებზე ფასები და ეს აქციები იყიდება კონკრეტული სუბიექტების მიერ, რაც ნათლად აჩვენებს საბოლოო სურათს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა გამონახოს ფასების შემცირების გზები.
„ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, რომ გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები და ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ჩვენ გვაქვს დაანონსებული პროცესი, რომელიც, მაქსიმუმ, აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა მანამდეც უნდა იყოს შესაძლებელი ფასების შემცირება. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან ამ მიზნის მისაღწევად,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესი დაიწყო, კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს დებატებთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.
„ხელოვნურად იყო დალაგებული პოლარიზაცია, ხელოვნურად იყო ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება. ამას უწყობდა ხელს კონკრეტული მედიასაშუალებების პოლიტიკა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების პოლიტიკა. ეს იყო გარედან თავსმოხვეული. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე. ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება ჯანსაღი დისკუსიები. საზოგადოებამ სწორედ ასეთი დისკუსიების საფუძველზე უნდა მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა მხრიდან კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალობოს საკუთარი აზრი. ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ შედგეს ჯანსაღი დებატები ხელისუფლების წარმომადგენელსა და სხვა პირს შორის, აუცილებელი პირობაა, რომ ეს სხვა პირი, ვინც არ უნდა იყოს, აღიარებდეს მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგს.
„თუ არ აღიარებს, რა ჯანსაღ დისკუსიებზეა საუბარი. ამიტომ, არის მარტივი პრინციპი, რომელსაც ჩვენ უნდა გავყვეთ. ვფიქრობ, რომ ის დებატები, რომელიც გაიმართა, მაგალითად „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ეფუძნება სწორ პრინციპებს. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ კონკრეტული ფორმატი ჩვენ მოგვცემს შედეგს და შედეგი უნდა იყოს პოლარიზაციის შემცირება და იმ ნეგატიური მუხტის შემცირება საზოგადოებაში, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი. ამიტომ, სწორი პრინციპები უნდა არსებობდეს, სწორ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ნებისმიერი დისკუსია, დებატები. ეს უნდა გაითვალისწინოს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა, როცა ყველა უნივერსიტეტი იყო პოლიტიზებული.
„უნივერსიტეტების პოლიტიზება ეს იყო ჩვენი წინამორბედების, წინა ხელისუფლების ხელწერა. უკლებლივ ყველა უნივერსიტეტი იყო პოლიტიზებული. ისინი შევიდნენ მათ შორის, კერძო სექტორში, დააფუძნეს საკუთარი კერძო უნივერსიტეტები, მათ შორის, ერთ ლარად ოჯახის წევრებს მიჰყიდეს უნივერსიტეტები, რომლებიც შემდგომ გარდაიქმნა კერძო უნივერსიტეტებად. უნივერსიტეტების პოლიტიზება არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა. არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ეს არის ჩვენი მიდგომა და ეს მიდგომა უნდა იყოს ბოლომდე გატარებული“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ტექნიკურ მიმართულებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან დღეს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში კადრების დიდი დეფიციტია.
„არავითარი ტექნიკური და ჰუმანიტარული უნივერსიტეტის გაერთიანება არ ხდება სინამდვილეში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები. სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს საქართველოს ტენიკურ უნივერსიტეტში. შესაბამისად, მოხდა ის, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც გაჩნდა მთელი ეს პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ ამის გამოსწორება არ უნდა, ეს არასწორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკურ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს არის უზარმაზარი პრობლემები. რომ ნახოთ გამოშვება, მაგალითად, მშენებლობის, ინჟინერიის ან სხვა მიმართულებით, წელიწადში ხდება, მაგალიად, 300-400-500 სტუდენტის გამოშვება, არის ძალიან დიდი დეფიციტი. როგორც სახელმწიფო სექტორში, მშენებლობით არის სახელმწიფო, მოგეხსენებათ, დაკავებული და არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში, ერთი ინჟინერი არ არის კონკრეტული მიმართულებებით, ისე კერძო სექტორს აქვს უზარმაზარი პრობლემები და გვეუბნებიან, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს და ტექნიკური მიმართულებები არათუ უნდა მიიჩქმალოს, პირიქით, ყევლაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ტექნიკური მიმართულება გავაძლიეროთ. დღეს, ტექნიკური მიმართულებების წილი სტუდენტების რაოდენობაში შეიძლება იყოს დაახლოებით 10 %. და ამ დროს, რომ ნახოთ თქვენ განვითარებული ქვეყნები, მესამედია, დაახლოებით, მათი წილი. ეს ხომ უნდა შეიცვალოს, ეს ხომ უნდა გამოსწორდეს. თუ ტექნიკური მიმართულება დარჩება გერად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამას, რა თქმა უნდა, არაფერი ეშველება. ჩვენ ვაპირებთ, რომ გაერთიანების პირობებში, ცალკე განსაკუთრებული, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას. ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი და მაღალკვალიფიციური კადრი ტექნიკური მიმართულებით, ვიდრე გვყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება კარგად გააზრებული რეფორმა და ჩვენ გვაქვს გააზრებული რეფორმა, ოპონენტები კი გამოდიან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მათ შორის, აღნიშნული პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში.
„ეს საუკუნოვანი ბრენდი საერთოდ გაქრა, როდესაც პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს გადაერქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1992 წელს მოხდა ეს და 1992 წლიდან იწყება პრობლემები, სწორედ, ტექნიკურ უნივერსიტეტში. მათ შორის, ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თვალსაჩინოა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას განათლების სისტემა და კონკრეტული უნივერსიტეტები.
„ჩვენ წამოვიწყეთ რეფორმა, განვსაზღვრეთ შვიდი პრობლემა, შვიდი გამოწვევა და ამის საფუძველზე განვსაზღვრეთ შვიდი პასუხი კონკრეტულ გამოწვევებზე. თუ გამახსენებთ, რომელიმე ამ თემასთან დაკავშირებით თუ გამოვიდა ვინმე რაიმე კონკრეტული წინადადებით, კონსტრუქციული გზავნილებით, ასეთი არაფერი. იყო ერთადერთი უხეში, ზოგადი განცხადებები ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, თუ ვინმეს რამე არგუმენტი ექნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ან არ უნდა გაკეთდეს, მაგალითად ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, თუ არ უნდა გაუმჯობესდეს. ოპტიმიზაცია არის საჭირო რესურსების, აქ არ იგულისხმება კადრების ოპტიმიზაცია, ზოგადად საუბარი ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია არის საჭირო თუ არ არის საჭირო. არის თუ არა აუცილებელი ის, რომ ისედაც მწირი ადამიანური რესურსები მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ. თუ არ არის საჭირო, შეგვიძლია ამაზეც იმსჯელოთ. გვაქვს თუ არა სახელმძღვანელოები ძირითად საგნებში, ვიმსჯელოთ ამაზე. საუბარი რომ არის ბრენდებზე და ა.შ. აქ მთავარია, რომ ამდენი წელი გავიდა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მანამდეც მუშაობდა განათლების სისტემა და დღემდე მაგალითად, იურიდიული მიმართულება რომ ავიღოთ, ძირითად საგნებშიც ნახევარზე მეტში არ გვაქვს ჩვენ მაღალი სტანდარტების სახელმძღვანელოები. ეს ხომ უნდა გამოსწორდეს. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიდისკუსიოთ, მზად ვარ ოპონენტებთან ვისაუბრო ამ თემებთან დაკავშირებით. იმდენად თვალსაჩინოა პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას განათლების სისტემა და კონკრეტული უნივერსიტეტები, ვფიქრობ, რომ ძალიან მყარია ჩვენი არგუმენტები, მეორე მხარეს არის ცარიელი, უხეში განცხადებები ყოველგვარი დეტალიზაციის და ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
