გიორგი მიქანაძე თსუ-ს და სტუ-ს წარმომადგენლებს 18:00 საათზე შეხვდება

დღეს, 18:00 საათზე, განათლების მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება. 

გივი მიქანაძე უნივერსიტეტების რექტორებს და წარმომადგენლებს ერთად განათლების სამინისტროში შეხვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ განათლების მინისტრთან შეხვედრას წინ თსუ-ს და სტუ-ს წარმომადგენლების განათლების მინისტრის მოადგილესთან ზვიად გაბისონიასთან შეხვედრები უძღოდა.

გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას გეგმავს. 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ორივე უნივერსიტეტის რექტორებთან კონსულტაციით მიიღეს. მისი თქმით, გაერთიანებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი.

გადაწყვეტილებას პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ამასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა და სამეცნიერო საზოგადოებამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხზე, ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართა. განცხადების ავტორები მოითხოვენ, რომ საპარლამენტო მოსმენამდე პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიდნენ და საკითხი საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან საჯაროდ განიხილონ, ან ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა დაესწრონ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვას, თუმცა უმაღლესი განათლების შესახებ კანონი პარლამენტმა 4 თებერვალს დაჩქარებული წესით მიიღო და ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის პროცესს არეგულირებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატი კი სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანების ინიციატივას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სამინისტროს მოუწოდებს, პროცესი შეწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება 4 თებერვალს სენატის - უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს.