დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, ამან გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, ამან მოგვცა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალება, რომ არა სამართლის უზენაესობა, ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა უზურნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის დეპოლარიზაციის აუცილებელი პირობა.
„კონკრეტული ადამიანები როდესაც იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ესეც არის დეპოლარიზაციისკენ მიმავალი გზა. თქვენ გახსოვთ, იყო ჩვენთან შემთხვევები, როდესაც ლამის ნახევარი ქალაქი გადაწვეს და არავინ არ დასჯილა ამისათვის. ამან გააღრმავა პოლარიზაცია, ამან გააღრმავა კონკრეტული ადამიანების ინტერესი, რომ ახალ ახალი დანაშაულები ჩაედინათ, ამიტომ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის ასევე დეპოლარიზაციისკენ მიმავალი გზა. ჩვენ დავაინიცირეთ დისკუსიები, დებატები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ამ საკითხზე, რასაც ჰქვია სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. მზად ვართ დისკუსიისთვის, ჯანსაღი დებატებისთვის. ყველა თემაზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრებების მოსმენის საშუალება, ჩვენ ღია ვართ ასეთი დისკუსიებისთვის, თუნდაც ამ საკითხზე. რაც შეეხება დამნაშავე პოლიტიკოსების პატიმრობას, დამნაშავე მოძალადეების პატიმრობას, ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის და ყველა შეკითხვაზე გავცემთ სათანადო პასუხს.
მთავარი, რაც ამშვიდებს საზოგადოებას და ამშვიდებს ქვეყანას, ეს არის სამართლის უზენაესობა. სამართლის უზენაესობა რომ არ იყოს სათანადოდ დაცული, ნახეთ, სადამდე მიიყვანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყანა. 5 რევოლუციის მცდელობა გვქონდა იმის გამო, რომ სამართლის უზენაესობა სათანადოდ არა არ იყო, არამედ ვერ იყო დაცული ჩვენს ქვეყანაში. დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, ამან გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, ამან მოგვცა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალება. რომ არა სამართლის უზენაესობა, ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა უზურნველყოფილი.
ციხეში ვინც არიან, იმათმა უნდა მოიხადონ სასჯელი, მათთან დებატებზე საუბარი ზედმეტია. საუბარი გვაქვს იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი განსხვავებული მოსაზრებები, მათთან მზად ვართ დებატებისთვის, მაგრამ არა პატიმრებთან, რომლებიც კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები, მათ შორის, გადაწყვეტილებები - მთავრობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ასევე ტენდერების გამჭვირვალობასთან, პირდაპირი პრივატიზაციის პრაქტიკის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ქვეყანაში კორუფციის მაქსიმალურად აღმოფხვრას და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
„ჩვენ ვუსწრებთ არამხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით დამატებით. როგორც მოგეხსენებათ, შარშანდელი წელი იყო გამორჩეული ამ კუთხით და ვგულისხმობ არამხოლოდ იმ სასჯელებს, რომლებიც დადგა კონკრეტული ადამიანების მიმართ კორუფციული ბრალდებების გამო, არამედ, პირველ რიგში, ვგულისხმობ იმ ზომებს, რომლებიც მიღებული იქნა მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის, კორუფციის აღმოფხვრისთვის. ეს იყო მთავრობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ტენდერების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ეს იყო პირდაპირი პრივატიზაციის პრაქტიკის აღმოფხვრა და ა.შ. ყველა მიმართულებით მივიღეთ კონკრეტული ზომები იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში კორუფცია და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაიწყეს ღიად საუბარი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე, მაშინ, როდესაც დღემდე საქართველოსთან არ აქვთ აღდგენილი პირდაპირი დიალოგი იმ საბაბით, რომ „საქართველო არის პრორუსული თუ რუსული ხელისუფლების მქონე ქვეყანა“.
„ხედავთ, სადამდე არის დაცემული ეს სტანდარტები ევროპულ ბიუროკრატიაში. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის შემდეგ, საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირი დიალოგის აღდგენას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინდელ დებატებში მონაწილეობდა 8 ადამიანი და 8-დან 7-მა გამოავლინა მაღალი კულტურა.
„გუშინ მთლიანობაში 8 მონაწილე ვიყავით დებატებში და 8-დან 7-მა გამოავლინა მაღალი კულტურა, რაც არის მნიშვნელოვანი არა მარტო იმისათვის, რომ ჯანსაღი ფორმით წარიმართოს დისკუსიები, არამედ იმისთვისაც, რომ ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები. გუშინ 8 მონაწილიდან 7 აქეთკენ იყო მიმართული. ეს ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ისე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. იყო ერთი ამოვარდნა, თუმცა საზოგადოებამ ეს ყველაფერი თავისი თვალით იხილა და საკუთარ შეფასებებს ამასთან დაკავშირებით გააკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯანსაღი დისკუსია, რაც შედგა გუშინ აკადემიურ პერსონალთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ მოვუსმინეთ მათ და გავითვალისწინეთ მათი ინტერესები, პოზიციები. მათი არგუმენტები მივიღეთ მხედველობაში და საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც ყველა ერთად შევჯერდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად. დღეს გვაქვს სერიოზული ხარვეზები ამ მიმართულებით, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ დისციპლინებს, საინჟინრო ტექნიკურ მიმართულებას. ჩვენ გვაქვს გამოწვევები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტროს, სხვადასხვა მიმართულებით გვჭირდება კადრები, გვჭირდება სამუშაო ძალა. ეს ეხება მშენებლებს, ინჟინრებს, არქიტექტორებს და ა.შ. ჩვენ უნდა გავამდიდროთ ჩვენი ქვეყნის რესურსი ამ მიმართულებით. ამისთვის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკური უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და ჩვენი წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, კონფერენციას თავად არ დაესწრება.
„მე არ ვიქნები მიუნხენის კონფერენციაზე, მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და მთავრობის წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, ჩვენი წარმომადგენელი იქნება მიუნხენის კონფერენციაზე. რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მხრიდან სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.
„არსებითად არის ეს დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე. ჩვენი მხრიდან ხელი არის გაწვდილი. ჩვენი სრული ღიაობა არის გამოხატული ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ეს ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ჩვენ ოპტიმისტურად და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. დაველოდებით ამერიკული მხარის ნაბიჯებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
