პარლამენტში "ქართული ოცნების" მიერ ინფიცირებულ „გრანტების შესახებ“ კანონს და მასთან დაკავშირებულ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.
ახალი კანონით კიდევ უფრო მკაცრდება უცხოეთიდან სხვადასხვა სახით დაფინანსების მიღება, მეწარმე იურიდიულ პირებს კი ეკრძალებათ საჯარო პოლიტიკურ აქტივობა. პირველ ჯერზე ასეთი აქტივობა 20 ათასი ლარის ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორებით კი პატიმრობაც შეიძლება იქნეს გამოყენებული.
"კიდევ ერთხელ განვმარტოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მეწარმე იურიდიული პირის (აქ არ იგულისხმებიან ფიზიკური პირები და ინდივიდუალური მეწარმეები) პოლიტიკური აქტივობა აკრძალულ საქმიანობად განისაზღვრა. მიზეზი მარტივია პოლიტიკით უნდა დაკავდნენ პოლიტიკური პარტიები, ხოლო სამეწარმეო სუბიექტები დაკავდნენ ბიზნესით.
როდესაც მეწარმე იურიდიული პირის სახელით ხორციელდება პოლიტიკური აქტივობა, ეს კანონის დარღვევად ჩაითვლება. აქ იგულისხმება დირექტორის, დამფუძნებლის ან რომელიმე თანამშრომლის მიერ უშუალოდ კომპანიის სახელით განხორციელებული ნებისმიერი პოლიტიკური ქმედება.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როგორც მანამდე იყო შემოთავაზებული, პირველ ჯერზე დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და განისაზღვრება ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებული იურიდიული პირი კვლავ განახორციელებს პოლიტიკურ აქტივობას, პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს, რადგან იურიდიული პირის პასუხისმგებლობა ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის გარეშე არ დგება.
შემოთავაზებული მუხლის მიხედვით, პასუხისმგებლობა განისაზღვრება: ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 100-დან 200 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე. არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე, ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 300 საათამდე.
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი შესაძლოა დაისაჯოს ჯარიმით ან ლიკვიდაციით. აღნიშნული ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსში", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის ავტორმა არჩილ გორდულაძემ.
