სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მედიასთან გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.
სუს-ში განაცხადეს, რომ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა.
1.დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა.
2. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას – ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი. თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ“, – აცხადებენ სუს-ში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამოიკითხა. სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:
"ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველო აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი. შესაბამისად, ამას დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს, ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ.
ასევე ჩვენ განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ".
