კომპლექსურად არის ყველაფერი გასააზრებელი იმისათვის, რომ ჩვენ გავატაროთ ისეთი ზომები, რომლებიც რეალურად მოგვცემს ხელშესახებ შედეგებს დემოგრაფიის ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემური ტენდენციები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული შობადობისა და ქორწინება-განქორწინების მიმართულებით, რადიკალურად შეიცვალოს.
„რაც შეეხება საერთო სტატისტიკას, გაზრდილია, თუ შემცირებულია მოსახლეობა და არის თუ არა შეცვლილი უარყოფითისკენ ეს ტენდენციები. ჩვენ შეგვიძლია, შევადაროთ 2012 წლის შემდეგ არსებული დინამიკა მანამდე არსებულ დინამიკას. 2003 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო 3 მლნ 966 ათასი და შემცირდა 3 მლნ 739 ათასამდე. დაახლოებით, 226 ათასით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში. მოგეხსენებათ, საქსტატმა ჩაატარა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 მლნ 914 ათასს, აქ ბოლომდე რომ ვთქვათ სიმართლე, მნიშვნელოვან წილად მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია იმიგრაციასთან, როგორც უკვე ვთქვით, დღევანდელი მაჩვენებელი არის 257 ათასამდე და მანამდე ეს მაჩვენებელი იყო ნაკლები, 150 000-მდე. თუმცა საქართველოს მოქალაქეების ნაწილშიც, არის დადებითისკენ შეცვლილი ტენდენცია. ვერ ვიტყვი, რომ დადებითია ტენდენცია, მაგრამ დადებითი მიმართულებით არის შეცვლილი. თუმცა ჩვენ ამით თავს ვერ დავიმშვიდებთ, მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემური ტენდენციები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული შობადობის მიმართულებით, ქორწინება-განქორწინების მიმართულებით, რადიკალურად შევცვალოთ. რა თქმა უნდა, ამ კუთხით, ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ ფინანსური პრივილეგიების დაწესების საკითხი და ასეთი ზომები მიღებულ იქნა გასული წლების განმავლობაში. არის კონკრეტული ქვეყნები, რომლებიც საკმაოდ დიდ ინვესტიციებს დებენ ოჯახის საკითხებში, ზოგადად, მათ შორის, შობადობის საკითხებში. უნგრეთი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც, მთლიანობაში, საკუთარი ეკონომიკის 5 %-დან 6 %-მდე დებს ყოველწლიურად ოჯახის საკითხებში, თუმცა უნგრეთმაც კი ვერ შეძლო ნულოვან ნიშნულამდე ასვლა, ანუ იქაც საერთო დემოგრაფიული მაჩვენებლები არის კვლავაც მინუსში. უფრო მეტად მსოფლმხედველობითი საფუძველი აქვს იმ ტენდენციებს, რომლებიც არის ჩამოყალიბებული, ვიდრე ფინანსური და ეკონომიკური. ამიტომ კარგად, კომპლექსურად არის ყველაფერი გასააზრებელი იმისათვის, რომ ჩვენ გავატაროთ ისეთი ზომები, რომლებიც რეალურად მოგვცემს ხელშესახებ შედეგებს დემოგრაფიის ნაწილში,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, კანონმდებლობაში, ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა, თუმცა ესეც არ არის საკმარისი, ვინაიდან, დემოგრაფიული მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია, შეიცვალოს საზოგადოების მსოფლმხედველობა.
„კანონმდებლობაში გატარდა ცვლილებები. გენდერული პოლიტიკა, აქ, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, რაც არის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული უზენაესი ღირებულება. გენდერული პოლიტიკის, როგორც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტის მთავარი მიზანი იყო სწორედ დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში უკვე შევიდა ცვლილებები და ჩვენ მოვახერხეთ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ამ ასპექტისგან გათავისუფლება, მათ შორის, ჩვენი კანონმდებლობის გათავისუფლება. ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, შეიცვალოს ჩვენი საზოგადოების მსოფლმხედველობა, რაც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას.
ასევე, საინტერესო დეტალი - მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში, 2014 წლიდან არის მომატებული მაჩვენებელი და სტაბილურად არის მაღალ დონეზე შენარჩუნებული. მკვეთრად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობის მაჩვენებელი. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სოციალური მიზეზი ამას არ აქვს. გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, დადებითი გაგებით. საჭიროა, შეიცვალოს ადამიანების მსოფლმხედველობა. ქორწინების კუთხით ინტერესი არის შემცირებული. ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე. მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ყველგან, სადაც ინტენსიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, არის პრობლემები. ჩრდილოეთ ამერიკაშიც, და კონკრეტულად, აშშ-შიც ძირითადად იმიგრაციის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა, სადაც არის კეთილდღეობის მაღალი დონე. სადაც აქტიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური, სინამდვილეში, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, ყველგან არის ძალიან მძიმე პროცესები დაწყებული. თქვენ გახსოვთ ე.წ. გენდერული პოლიტიკა, ლგბტ პროპაგანდა და ა. შ. ამას დაუპირისპირდა სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ამ კანონთან დაკავშირებითაც, ხედავთ, რამხელა კრიტიკა წამოვიდა, როგორც რადიკალური ოპოზიციის, ისე, მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან. სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება სერიოზული ზომების მიღება, იმისათვის, რომ შეიცვალოს საზოგადოების მსოფლმხედველობა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და ზოგადად, ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი და მეორე შვილის შემთხვევაში არის თითქმის განახევრებული მაჩვენებლები, მაშინ, როდესაც მე-3 და შემდეგი შვილის შემთხვევაში მაჩვენებელი არის გაზრდილი და ეს არის მძიმე მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური პროცესების შედეგი.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ შევეხები დემოგრაფიის საკითხს. ჩვენ დღეს საუბარი გვქონდა იმიგრაციის თემაზე და ინტერპელაციის საგანი არ იყო,ზოგადად, დემოგრაფია და მათ შორის, არც იმიგრაცია. დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ, რა თქმა უნდა, უფრო სიღრმისეულად შევეხოთ ამ საკითხებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ზოგადად, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემა, რაზეც მუშაობა არის საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რეალურად ერთადერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ქვეყანას აქვს უარყოფითი ტენდენციები, შობადობა, ქორწინება, განქორწინება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ვითარების შეცვლა. კიდევ ერთხელ, მინდა გავიმეორო, რომ არსებითად, იმ პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ ვაწყდებით დემოგრაფიის სფეროში, უფრო მეტად შობადობა, ქორწინება, განქორწინების სფეროში, აქვს მსოფლმხედველობრივი მიზეზები და ნაკლებად სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები. ამას ადასტურებს, მათ შორის, შობადობის სტატისტიკა, რომელზეც უკვე ვისაუბრე. კონკრეტული ციფრები მინდა წარმოგიდგინოთ ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მე-3 და შემდგომ შვილს, აქ გვაქვს ასეთი სტატისტიკური მონაცემები - 2012 წელს მე-3 და შემდეგი შვილი საქართველოში დაიბადა 7 850. 2014 წლამდე გაიზარდა ეს მაჩვენებელი და 2014 წელს დაიბადა 11 014 ბავშვი, მე-3 და შემდეგი შვილი და ამის შემდეგ, 2014 წლიდან ჩვენ ვინარჩუნებთ ამ მკვეთრად გაზრდილ მაჩვენებელს და უფრო მეტიც, რომ ავიღოთ 2024 წლის მონაცემები, 2014 წლის მონაცემებთან შედარებითაც არის გაზრდილი და 2024 წლის მაჩვენებელია 11 457. 2012 წელს მე-3 და შემდეგი შვილი დაიბადა 7 850, 2014 წლისთვის იყო მკვეთრი ზრდა, 11 014 ბავშვამდე გაიზარდა და იმის მერე კიდევ გაიზარდა 11 457 ბავშვამდე. ეს ნიშნავს, რომ სოციალურ-ეკონომიკური მიზეზი ნაკლებად აქვს. ყველაზე მეტად თუ სადმე აისახებოდა სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები შობადობაზე, ეს იქნებოდა მე-3 და შემდეგი ბავშვი და ბუნებრივია, ეს მაჩვენებლები მიანიშნებს იმაზე, რომ მიზეზები არის არსებითად მსოფლმხედველობრივი.
რაც შეეხება პირველი და მეორე შვილის სტატისტიკას, აქ არის ზუსტად ძალიან მძიმე ტენდენციები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლმხედველობრივია მიზეზები, რაც დაკავშირებულია შობადობის შემცირებასთან. 2014 წელს საქართველოში დაიბადა 26 355 ბავშვი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზრდა გვაქვს მე-3 და შემდეგი შვილის შემთხვევაში. რაც შეეხება პირველ შვილს, 2014 წელს დაიბადა 26 355 ბავშვი და 2024 წელს დაიბადა 14 156 ბავშვი. არის კატასტროფული ტენდენცია. თითქმის განახევრებულია მაჩვენებელი პირველი შვილის შემთხვევაში. მსგავსი მაჩვენებელი გვაქვს მე-2 შვილის შემთხვევაში, 2014 წელს დაიბადა 23 171 ბავშვი და 2024 წელს დაიბადა 13 323 ბავშვი. უცნაურიც არის ეს სტატისტიკა. პირველი და მეორე შვილის შემთხვევაში არის თითქმის განახევრებული მაჩვენებლები, მაშინ, როდესაც მე-3 და შემდეგი შვილის შემთხვევაში მაჩვენებელი არის გაზრდილი. ეს არის მძიმე მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური პროცესების შედეგი, რისგანაც პრაქტიკულად მხოლოდ შარშან გავთავისუფლდით. შარშან მოვახერხეთ ამ ყველაფრისგან გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ იყო უმძიმესი საგარეო ზეწოლა. მარტო რად ღირდა იმის გახსენება, რაც ჩვენ გამოვიარეთ ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ იყო შტურმი, საგარეო შტურმი და ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის შტურმი და დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ, რადგან არ უნდოდათ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ერთი მხრივ, ეშინოდათ გარე პატრონების, მეორე მხრივ - საზოგადოებრივი აზრის. ამიტომ, გაექცნენ დისკუსიას ამ საკითხთან დაკავშირებით. ტენდენციები არის შემაშფოთებელი, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო სიღრმისეულად ვიმსჯელოთ დემოგრაფიის საკითხებთან დაკავშირებით, შობადობის, ქორწინება-განქორწინების საკითხებთან და წამახალისებელ ზომებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გაატაროს საქართველომ ხელისუფლებამ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ნაწილში საჭირო იქნება კერძო სექტორის ჩართულობაც, რათა მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
„უნდა მივიღოთ მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას და, მეორე მხრივ, ჭარბ ტვირთად არ დააწვება არც კერძო სექტორს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შესაბამისი ზომების მიღება,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებელი 9,4%-მდე შემცირდა.
„რაც შეეხება იმას, როგორია სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში, ითქვა, რომ თუ არ ვცდები, 70 ათასი იღებს 600 ლარზე ნაკლებ ხელფასს და ითქვა, რომ 708 ათასი ცხოვრობს სიღატაკის ზღვარს მიღმა და აქედან 190 ათასი არის 18 წლამდე ბავშვი. აქ მინდა დავაზუსტო მონაცემები, რაც შეეხება სიღარიბის მაჩვენებელს. პირველ რიგში უნდა ითქვას, საიდან დავიწყეთ 2012 წელს. ვითარება იყო უმძიმესი, მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში. 30% იყო სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში, რომელიც 2020 წლისთვის უკვე შემცირებული იყო დაახლოებით 21%-მდე, 21,3% იყო სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წელს და მას შემდეგ, 2024 წლის ჩათვლით, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 9,4%-მდე. საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი და ეს მაჩვენებელი შემცირდა 350 ათასამდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ამ კუთხით განსაკუთრებით გამორჩეული იყო ბოლო რამდენიმე წელიწადი. 2025 წლის დაზუსტებული მონაცემი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, ოთხწლიანი მონაცემებით, ჩვენ მოვახერხეთ სიღარიბის განახევრება ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგი. ზრდის საშუალო მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9,3%. ჩვენ ამ კუთხით ვართ ლიდერი ევროპის კონტინენტზე და რეგიონში მთლიანად და ამან შეამცირა საქართველოში სიღარიბე. მილიონ 100 ათასზე მეტი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა და არის 350 ათასი ადამიანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განმარტებით, რაც შეეხება 708 ათას ადამიანს, ეს ადამიანები იღებენ სოციალურ დახმარებას და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა.
„არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგიით, მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში ცხოვრობს 350 ათასი ადამიანი. როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო მთავრობის მეთაური, მაშინ ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 800 ათასი, მაგრამ ვერავინ უსაყვედურებდა ვერც მას სიღარიბის ამ მაჩვენებელს. 800 ათასი ადამიანი ცხოვრობდა 2020 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა, მას ვერავინ უსაყვედურებდა, რადგან მაშინ ჩვენმა ხელისუფლებამ შევამცირეთ ეს მაჩვენებელი 30%-ით, 21,3%-მდე. 2020 წლის შემდეგ დაიწყო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მოვახერხეთ ამ მაჩვენებლის შემცირება 9,4%-მდე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კოვიდის დროს, 2020 წელს გაიზარდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა და მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი მოქმედებდა ბაზის გადახედვაზე.
„რეალურად, ბაზა არის გადასახედი. არ შეიძლება, გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული. ჩვენ ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ მხოლოდ 8% სოციალური დახმარების მიმღებთა შორის არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული, ანუ არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, შეძლებულია ამ 708 ათასიდან დაახლოებით 8%. ეს არის პირველადი ანალიზი. რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც არსებითად არ მომხდარა 2020 წლის შემდეგ. ბუნებრივია, ესეც არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამოცანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი სხვაობა არ იყო, საუბარია 1000 მოქალაქეზე, თუმცა ასეთი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა.
„1000 მოქალაქით მეტი დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ეს არის მცირე გაუმჯობესება, თუმცა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდის გაგრძელებასთან ერთად ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ამ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც აუმჯობესებს დემოგრაფიულ ტენდენციებს, შესაბამისად, იმედი გვაქვს, მომდევნო წლების განმავლობაში ეს დადებითი დინამიკა გაგრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
