მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან, სახელმწიფო რწმუნებულებთან და განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება.
„ყველა მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ, მათ შორის იმას, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს გრძელვადიან პერსპექტივაში მუნიციპალიტეტების განვითარება. გვქონდა საუბარი ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კოორდინაციის საკითხებზე. ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კოორდინაცია ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება სამინისტროების მხრიდან ადგილობრივ დონეზე და აქ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ჩართულობა. ასევე შევეხეთ სოციალური დახმარების საკითხებს და აქ მუნიციპალიტეტების ჩართულობას. როგორც მოგეხსენებათ, საჭიროა ამ ბაზების გადახედვა და ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ასევე ყურადღება გავამახვილეთ კორუფციის პრევენციის მნიშვნელობაზე. ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც მაქსიმალურად შევძლოთ კორუფციული პრაქტიკის პრევენცია. ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი. აქ საუბარია არსებითად სტრუქტურების გაჯანსაღებაზე. ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებელი და არის ამის საჭიროება. ამაზე გაგრძელდება მუშაობა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
