იუნკერებმა, ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის თავდადების, სამშობლოსათვის თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი.
„პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას. ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს ჩვენ და თითოეულმა ქართველმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ მაგალითით. ეს არის თავგანწირვის, თავდადების, სამშობლოსათვის თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი. ჩვენი ვალია იუნკერებისთვის პატივის მიგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს"
„მარტივად არის საქმე, როდესაც თვითონ ერევიან. უნდათ რომ ეს ასე დარჩეს . როდესაც მათ საქმეში ერევიან, უნდათ, რომ პრევენციული ზომები მიიღონ. ორმაგი სტანდარტია. ყველას უნდა, რომ სხვის საქმეში ჩაყოს ცხვირი, როცა მათ საქმეში ყოფენ ცხვირს, ეს არ მოსწონთ. ჩვენი ინტერესია, რომ არც ჩვენ ჩავაყოფინოთ არავის ცხვირი ჩვენს საქმეში. ეს არის ჩვენი საქმე. ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს. თავის დროზე გამჭვირვალობის კანონი გააპროტესტეს, სხვა საკანონმდებლო აქტები გააპროტესტეს. ყველა ეს კანონი ემსახურებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვას და რა თქმა უნდა, მყარად ვრჩებით ამ პოზიციაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთლიანობაში არის დისკრედიტებული ოპოზიცია ამით ყველაფერი არის ნათქვამი.
„თავად შეუწყვეს ხელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას, მათ შორის საბოტაჟით, პარლამენტში არშესვლით და ა.შ. უამრავი არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინეს უცხოეთიდან საკუთარმა პატრონებმა. ამის გამო ნულოვანია მათი იმიჯი და რეპუტაცია ჩვენს ქვეყანაში, რაც პრინციპში კარგია, რადგან რადიკალური ძალებისთვის არ უნდა იყოს სივრცე ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, რომელიც კაია კალასის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ეხებოდა.
„არ დავალ პიროვნებებამდე, ვსაუბრობ ევროკავშირთან დაკავშირებით. როდესაც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. სადაც არის გასაკრიტიკებელი კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, იქ ვაკრიტიკებთ და სადაც პირიქით, მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ, ვამბობთ მადლობას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ. არის სხვა შემთხვევები, სადაც ისინი ძალიან მძიმე და არასწორ დამოკიდებულებას ავლენენ ქართველი ხალხის მიმართ და რა თქმა უნდა, იქაც არ ვერიდებით კრიტიკას. სადაც იმსახურებენ მადლიერებას, იქ ვიტყვით მადლობას, სადაც იმსახურებენ კრიტიკას, იქ გამოვთქვამთ კრიტიკას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით არავიტარი ფაქტი არ არსებობს და ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება.
„ჩვენ ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი. ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ ევროკავშირს, აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში. ჩვენ უტყუარი ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა. ევროკომისიას გავუგზავნეთ შესაბამისი ინფორმაცია და დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ლოგიკურად, გამომდინარე იქიდან, რომ ნული ფაქტი არსებობს სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება. სანქციების პაკეტში კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის მოხვედრა ცუდია. ეს გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს. მან გამოთქვა იმედი, რომ ყულევი დასანქცირდება, თუმცა რაც უხარია სააკაშვილის, ის არ უხარია ქართველ ხალხს. რაც „ნაცს“ უხარია, ის არ უხარია ქართველ ხალხს. ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა. შემოდის ნავთობპროდუქტები და გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე“, - განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, რომელიც რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში მიწვევას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ჩვენ, კვლავაც, მოთმინებით ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას. ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და ოპტიმიზმის შენარჩუნების საშუალება მოგვცა, მათ შორის, იმ შეხვედრებმა, რომელიც გაიმართა მილანის ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს, გასაუბრებას ვგულისხმობ, ერთი მხრივ ჩვენს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს და მეორე მხრივ - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს. რა თქმა უნდა, ასეთი ღონისძიებებიც, საპარლამენტო ფორმატიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, განათლების რეფორმის პოლიტიზება არის არასწორი.
„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი საქართველოში არ არის სათანადო და ამ კუთხით, მსგავსი ვითარება გვაქვს ილიას უნივერსიტეტშიც, ისევე, როგორც სხვა უნივერსიტეტებში. ეს ეხება, მათ შორის, თსუ-ს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და სხვა უნივერსიტეტებს, საჯაროს, კერძოს. ჩვენ გვინდა ამ ვითარების გაუმჯობესება და როდესაც ამ მცდელობის პოლიტიზებას ცდილობს ესტონეთის საელჩო, ეს გაუგებარიც არის და არასწორიც. ეს არის კიდევ ერთი იაფფასიანი მცდელობა, რომ პოლიტიკური სარჩული მიეცეს იმას, რასაც საერთოდ ვერ ექნება პოლიტიკური სარჩული“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის დანაშაულზე დადგეს შესაბამისი სასჯელი.
„საბოტაჟის საქმე საჭიროებს ბოლომდე მიყვანას, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული ადამიანები საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის დანაშაულზე დადგეს შესაბამისი სასჯელი. დანარჩენი არის სამართალდამცავი უწყებების საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ვერ იქნება დაცული გაუნათლებლობის ავტონომია, ხელისუფლების ამოცანაა, თვისებრივად გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში.
„საქართველოში ვერ იქნება დაცული გაუნათლებლობის ავტონომია. ჩვენი ამოცანაა, თვისებრივად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ამ ქვეყანაში. ვინც ამას ეწინააღმდეგება, იმას ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური ინტერესები. ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით. ასევე ეხება ეს თსუ-ს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და ა.შ. ამაზე ღიად გვქონდა საუბარი ჩვენ შესაბამისი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელობასთან. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი. თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ. ჩვენი მიზანია, თვისებრივად გაუმჯობესდეს განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.
