მიხეილ ყაველაშვილმა 2024 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციაში ასახულია ის პერიოდი, როდესაც ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობას იკავებდა.
მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად საარჩევნო კოლეგიამ 2024 წლის 14 დეკემბერს აირჩია. მას ხმა 224-მა მისცა, მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენელი 211 იყო. ამასთან, არჩევნებში ის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს ყაველაშვილმა იანვარ-ნოემბრის ჩათვლით, დეპუტატის ხელფასის სახით 40,009 ლარის ანაზღაურება მიიღო. რაც შეეხება პრეზიდენტის ხელფასს, დეკლარაციის პერიოდში მას პრეზიდენტის ხელფასი აღებული ჯერ არ ჰქონდა. თუმცა, საჯაროდ ცნობილია რომ 2025 წელს მისი ანაზღაურება 175.2 ათასი ლარი იყო, 2026 წლიდან კი ის წლიურად 192 ათასი ლარით განისაზღვრება.
რაც შეეხება სხვა აქტივებს, უძრავი ქონებიდან პრეზიდენტის სახელზე მხოლოდ ავტოფარეხი არის რეგისტრირებული გაბაშვილის ქუჩაზე, 88 კვადრატული მეტრის ფართობით, რომელიც მან 2007 წელს 22 ათას დოლარად შეიძინა.
საბანკო ანგარიშებზე მიხეილ ყაველაშვილი უთითებს სესხის მომსახურე ანგარიშზე 47,6 ათას ლარს, ასევე 3.8 ათას ლარს საკრედიტო ბარათზე და 6.4 ათასი ლარი სახელფასო ბარათზე. მისი მეუღლის თამარ ბაგრატიონის ანგარიშებზე კი უფრო მცირე თანხები არის მითითებული.
ოჯახის წევრებიდან მიხეილ ყაველაშვილს დეკლარაციაში ასახული აქვს მეუღლის და შვილის, გიორგი ყაველაშვილის აქტივები.
ვალდებულებებიდან ყაველაშვილი უთითებს 56.4 ათასი ლარის სამომხმარებლო სესხს, რომელიც 2023 წელს არის რეგისტრირებული, სესხის მომსახურებაზე მან 2024 წელს 10 ათასი ლარი დახარჯა.
ის თუ რა იყო პრეზიდენტის შემოსავლები და გასწია თუ არა მან მსხვილი ხარჯები 2025 წელს, მიხეილ ყაველაშვილმა 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაადეკლარიროს.
