საქართველოში არის ჩამოსული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს. ასევე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის. ეს იქნება დღის წესრიგის ძირითადი საკითხები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში ჩამოყალიბებული.
„ეს დებატები აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის. როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველამ იცის რომ შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ასეთ დროს, რომ ვიღაცა კიდევ საუბრობს პოლიტიკურ პატიმრებზე, ეს უბრალოდ სამარცხვინოა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში ჩამოყალიბებული“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ღიაა დიალოგისთვის ყველასთან.
„ჩვენ ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ქვეყანაში, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის ყველასთან და გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კურსი აქვს გასასწორებელი ევროპულ ბიუროკრატიას, რათა თავიდან აარიდოს ის პრობლემები, რომლებსაც ის უქმნის სრულიად ხელოვნურად ევროკავშირს.
„ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი 2008 წელს, ახლა ჩამოსულია 17,5 პროცენტამდე. 2025 წლის მონაცემები იქნება კიდევ უფრო დაბალი. კურსი აქვს გასასწორებელი ევროპულ ბიუროკრატიას, რათა თავიდან აარიდოს ის პრობლემები, რომლებსაც ის უქმნის სრულიად ხელოვნურად ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს კურსი გასწორებული, ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია. ჩვენ კურსი გვაქვს გასწორებული, თუმცა ეს კურსი ევროპულმა ბიუროკრატიამ დღემდე ვერ გაასწორა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, თითოეული მათგანი 2012 წლამდეც და 2012 წლის შემდეგაც, დაკავშირებული იყო და არის ან კონკრეტულად „ნაცმოძრაობასთან“, ან რადიკალურ ოპოზიციასთან.
„დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა, გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში, შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში, ამაზე ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. რეალურად, არსებითად იმ ორ პარტიას იმეორებს ეს ახალი ე.წ. ერთობა, რაც იყო წარდგენილი სარჩელში, მათ შორის, „თავისუფლების მოედანიც“ მთლიანად „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან შექმნილი პარტიაა. ყველა აბსოლუტურად 2012 წლამდეც იყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და 2012 წლის შემდეგაც არიან დაკავშირებულნი ან კონკრეტულად „ნაცმოძრაობასთან“, ან რადიკალურ ოპოზიციასთან, თავმჯდომარით დაწყებული, ყველა ლიდერით გაგრძელებული, მათ შორის, ლევან ცუცქირიძე. მან მიიღო მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში, თავის დროზე, რაც ცნობილია, ამაზე ბევრი საუბრობს. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბების პროცესში, ამის შემდეგ მისი საუბრები აბსოლუტურად მოკლებულია დამაჯერებლობას,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი არიან ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში და არც მალავენ, თუმცა, არის ასევე გასაიდუმლოებული შეხვედრები.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობენ ეს ადამიანები, კონკრეტულად, ეს ადამიანი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს და არის დეტალები, რაც ამას დამატებით ადასტურებს. ისინი რომ არიან ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში, ეს აბსოლუტურად ხილულია ფართო საზოგადოებისთვის. ამას ისინი ღიად აკეთებენ, არც მალავენ, თუმცა, არის ასევე გასაიდუმლოებული შეხვედრები, სადაც საუბარია იგივეზე, რასაც აკეთებენ საჯაროდ - ისინი პირდაპირ მტრობენ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს.
თუ ვინმე არღვევს ვენის კონვენციას, არის გერმანიის ელჩი და ამის უამრავი ფაქტი არსებობს. არიან სხვა ელჩები, რომლებიც არღვევენ ვენის კონვენციას, აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ვენის კონვენციაზე მითითება არის აბსოლუტურად არარელევანტური“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში.
„ჩვენთვის საერთოდ აღარ არის ეს საკითხი საინტერესო, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ორმაგ სტანდარტებს, სრულ განუკითხაობას, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა უპასუხა კითხვას, რომელიც საჯარო განცხადებებით ირანის თემის აქტუალიზაციას და სხვადასხვა დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებას ეხებოდა.
„ესეც არის საქართველოს მტრობა. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ იმაზე, რომ არ შეიძლება უცხოელმა აგენტებმა საქართველოში განსაზღვრონ რაიმე პოლიტიკური კუთხით. მათ შორის, საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. ჯერ ჰქონდათ კამპანია რუსეთთან დაკავშირებით. დადასტურდა ყოველ ჯერზე, რომ ყველა ეს განცხადება იყო აბსოლუტური ტყუილი, თუმცა მაინც აგრძელებდნენ და მგონი დღემდე აგრძელებენ. რაც შეეხება ირანს. ირანთან რომ აიღოთ ვაჭრობის მონაცემები, ნახავთ, რომ ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ ეს ადამიანები, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი და მეორე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. რა თქმა უნდა, ისინი ვერ დააზიანებენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, თუმცა რა აზრი უტრიალებთ ამ ადამიანებს, ეს არის აბსოლუტურად ცხადი. ეს მონაცემები უკვე ადასტურებს იმას, რომ ასეთი განცხადებები არის ყალბი. სანქციების გვერდის ავლა, ნახევარ პროცენტიანიც რომ არ არის ჩვენი ექსპორტი და 1.4% რომ არის იმპორტი, არის სრული ტყუილი, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ ასეთ პირობებშიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე თავდასხმას. ამიტომ ვამბობთ ჩვენ მარტივად, რომ ესენი არიან უცხოელი აგენტები, საზოგადოებამაც უნდა იცოდეს ამის შესახებ.
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა. ერთ დღეში დაადასტურა, რომ ტყუილი თქვა, თითქოს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, წინა დღეს თუ 2 დღით ადრე ჰქონდა გაკეთებული. ეს განცხადება საჯაროა და გვარცელდა კიდეც. ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს ტრაგედიაა, სერგო ორჯონიკიძის საქმის გაგრძელებაა, რასაც აკეთებს ეს ქალბატონი.
საქართველოს პარლამენტის წინ იკრიბება ხოლმე 100 ადამიანი და აკეთებს ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებებს. ყველაფერს სჭირდება მართვა. როდესაც ადამიანი გამოდის და საუბრობს უნივერსიტეტზე, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული და როდესაც აქ ცდილობს, რომ საქართველოს სახელმწიფოზე რაღაც დააბრალოს, აქედან ჩანს, რა მძიმეა უცხოელი აგენტის ბედი, რა მძიმეა ქართველი ახალი სერგო ორჯონიკიძეების ბედი. ეს ადამიანები, საერთაშორისო გამჭვირვალობა, თინა ხიდაშელი და ა.შ. არიან იმაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი, ვიდრე იყო 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე. სხვას ვერაფერს ვერ შევადარებ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
