ილია II-ის გარდაცვალებას მსოფლიო ეხმიანება – სამძიმრის წერილები საქართველოს ხელისუფლებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო. 

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს. 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო - ის იყო დიდად პატივცემული სულიერი ლიდერი, რომლის თავდადებულმა მსახურებამ თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე წარუშლელი კვალი დატოვა თქვენს ქვეყანასა და ყველა იმ ადამიანზე, ვინც მისი სიბრძნით, თანაგრძნობითა და მშვიდობისაკენ განუხრელი სწრაფვით იყო შთაგონებული.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო თქვენი, თქვენი მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ  ამ უდიდესი დანაკარგის წუთებში.
მისი უწმინდესობა ყველას დაამახსოვრდება არა მხოლოდ სულიერი წინამძღოლობისთვის, არამედ თქვენი ქვეყნის კულტურულ და ზნეობრივ სისტემაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ისეთი ღირებულებების დაცვისთვის, როგორიცაა ერთიანობა და გულისხმიერება. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და პატივს მივაგებთ ჭეშმარიტად გამორჩეული მოღვაწის ცხოვრებასა და მემკვიდრეობას, რომლის ზემოქმედებაც თაობებს გადასწვდება“, -  აღნიშნულია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის სამძიმრის წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს სამძიმრის წერილი მიიღო. 

 

როგორც წერილშია აღნიშნული, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით, მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

 

2020 წლის დეკემბერში წილად მხვდა მის უწმინდესობასთან შეხვედრის  განსაკუთრებული პატივი, რამაც  ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.  ჩემზე ღრმად იმოქმედა მისმა თავმდაბლობამ და გულწრფელმა მზრუნველობამ - რაც მისი სულიერი ლიდერობისა და ადამიანურობის სიძლიერეზე მეტყველებს.

 

განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ მის მხარდაჭერასა და რჩევებს COVID-19 პანდემიის რთულ პერიოდში. ჩვენს საქმიანობაზე ასევე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მისი უწმინდესობის ხედვამ და ინიციატივებმა. შთაგონების წყაროდ იქცა მისი წინადადება, შეგვესწავლა მუსიკის დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ ხედვაზე დაყრდნობით, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა ოფისმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა ხელოვნებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

 

ამ ღრმა დანაკარგს იზიარებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ქრისტიანული სამყარო და ყველა, ვის ცხოვრებასაც კვალი დაატყო მისმა სიბრძნემ და თანაგრძნობამ.

 

გლოვის წუთებში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო.

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გამოხატავს თანაგრძნობას მთავრობის მეთაურისა და  ქართველი ხალხის მიმართ.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის გულებში სამუდამოდ დარჩება ამ გამორჩეული ადამიანის - სამშობლოს ერთგული და თავდადებული  შვილის - ნათელი ხსოვნა, რომელმაც ღირსეული წვლილი შეიტანა რელიგიური შემწყნარებლობის, მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის განმტკიცებაში, ჰუმანიზმის მაღალი იდეალების აქტიურად პოპულარიზაციასა და საზოგადოების სულიერი საფუძვლების განმტკიცებაში. 
ამ რთულ და მწუხარე დღეებში, ჩემი და მრავალეროვნული ქვეყნის - უზბეკეთის ხალხის სახელით, გამოვხატავ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას თქვენი და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ. ღრმა თანაგრძნობით“, - აღნიშნულია  უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.