უდავოა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეს არის მარტივი სტანდარტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით და, ბუნებრივია, ამ სტანდარტით იმოქმედებს სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული პროექტის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა.
„ბევრი რამ შეიცვალა ამ დარგის მართვის მიმართულებით, შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში სერიოზული რეფორმები გატარდა და განსხვავებული მიდგომებით მუშაობს დღეს სამინისტრო. შესაბამისად, გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება აუცილებლად უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, ისევე როგორც ზოგადი გეგმის დამუშავების შემთხვევაში.
საუბარია სამი მიმართულებით ელექტროენერგიის გენერაციის განვითარებაზე, სისტემის გაფართოებაზე, ეს არის ჰიდრორესურსები, ქარის და მზის ენერგია. ჩვენი მიდგომის მიხედვით, დაახლოებით თანაბარი პროპორციით, ოდნავ მეტი ჰიდრორესურსებით, დაახლოებით, 2800 მეგავატის ჰიდრორესურსის დადგმული სიმძლავრე უნდა შეიქმნას შემდეგი 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით 2000 მგვტ – ქარის ენერგია, დაახლოებით 2000 მგვტ-ის მზის ენერგია უნდა იყოს ათვისებული. არსებობს ბიზნესის მხრიდანაც კონკრეტული პრიორიტეტები, ბიზნესი ხშირად არის ორიენტირებული უფრო მეტად მზის ენერგიის გამომუშავებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სწრაფად ხორციელდება შესაბამისი პროექტები, უფრო იაფი ჯდება შესაბამისი პროექტები განხორციელება. თუმცა, სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, სადაც რესურსები არის საკმაოდ დიდი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ზოგადი მიდგომა – ჩვენი რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა,“- აღნიშნა პრემიერმა.
