აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, 13 ხმით დაამტკიცა.

რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძისკანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანად უყარეს კენჭი.

კენჭისყრამდე, ზურაბ პატარაძე, კანონმდებლების წინაშე სამოქმედო გეგმითადა სამომავლო ხედვებით წარდგა - ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ ზრდაზე, საინვესტიციო პროექტებზე, ტურიზმის განვითარება-ხელშეწყობაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით მეტი შემოსავლების მიღებაზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებსა და ღონისძიებებზე.

ზურაბ პატარაძემ, მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები და წინადადებები.

ახლად დამტკიცებულმა მთავრობის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - ცოტნე ანანიძეს, საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ აქტიური თანამშრომლობით, ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებენ ქვეყნისა და რეგიონისთვის.

სხდომაზე არაერთხელ გაიჟღერა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის - სულხან თამაზაშვილის სახელმა. კანონმდებლებმა და მთავრობის წევრებმა მას კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა რეგიონში გაწეული საქმიანობისთვის და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვეს.

მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღიათ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.

პლენარულ სხდომამდე, საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომები, სადაც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და სამომავლო ხედვები წარმოადგინა.