"რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას" - პრემიერი

პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ჩვენი ვალია, ყოველ წელს და მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.

 

პრემიერის თქმით, 8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი და ეს დღე შეახსენებს ყველას, რომ აუცილებელია, ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება.

 

„პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება და ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ყოველ წელს და მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული ჩვენი გმირის ხსოვნას. 8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ იმას, რომ აუცილებელია, ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების და არა გარე ძალების კარნახით. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, იმისათვის, რომ არ განმეორდეს ასეთი დანაშაულები და იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს მშვიდობა, და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა პრემიერმა.


ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ, მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუცია და ტალიავინის დასკვნა, უტყუარი დასტურია იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან, ეს იყო ღალატი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, ამ ყველაფერმა მიაყენა უმძიმესი დარტყმა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

 

„დღეს, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის, ეს არის ტალიავინის დასკვნა, რომელიც რეალურად მოიწონა მაშინ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა, სადაც საუბარია სწორედ იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. ასევე, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა მაშინ ევროპის საბჭოს მიერ, პრაქტიკულად, ერთსულოვნად, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, სწორედ, სააკაშვილის რეჟიმმა. ასევე, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საომარი მოქმედებების გამოცხადების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთი საქართველოში. ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან, ეს დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა აგენტურულმა ხელისუფლებამ დაიწყო ომი და მიაყენა უმძიმესი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ღალატი,“- განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაში ფაქტების ქრონოლოგიაა ასახული, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს გახსნა არტილერიული ცეცხლი მაშინდელმა რეჟიმმა ცხინვალზე და ამას მეორე დღეს მოჰყვა საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა.

 

„თეორიულად, ჩვენ რომ მივიტანოთ შტურმი ხვალ ცხინვალზე ან სოხუმზე, დაიწყება ომი. რაც სიმართლეა - ასახულია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც წერია, რომ იყო ესკალაცია, მაგრამ ეს ესკალაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში, მას შემდეგ, რაც გაუფრთხილებლად მიიტანა მაშინდელმა რეჟიმმა შტურმი ცხინვალზე. როდესაც გათენდა 2008 წლის 8 აგვისტო, მაშინდელი რეჟიმი დილიდან სიამაყით გვიცხადებდა, რომ ისინი იღებდნენ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე, მიიწევდნენ წინ ცხინვალისკენ, ცხინვალში იყვნენ შესულები, როკის გვირაბისკენ - ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია, პირდაპირ გვიცხადებდნენ, რომ ისინი ახორციელებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამისთვის ახორციელებდნენ შეტევით მოქმედებებს. სააკაშვილის პარტიამ ჩაიდინა უმძიმესი ღალატი, რასაც 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, შეეწირნენ სამშობლოს და სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ჩვენ რომ ჩავიდინოთ ღალატი, ხვალ რომ დავიწყოთ ასეთი ოპერაცია, ავანტურაზე რომ წავიდეთ და ხელი მოვაწეროთ დავალებას გარედან, რა თქმა უნდა, აქაც სამხედროები ჩაერთვებიან ომში და ისინი შეეწირებიან სამშობლოს, მაგრამ ეს ჩვენს ღალატს ბუნებრივია არ გაამართლებს, იგივე გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, ფაქტი არის ერთადერთი, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელსაც ასევე ხელი მოაწერა მთელმა ევროპამ და ამ დოკუმენტში წერია, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა რეჟიმმა.

„დანარჩენი არის „ნაცობა“. „ნაცობა“ ნიშნავს ლოგიკიდან ამოვარდნას. „ნაცი“ რომ ხარ, ეს ნიშნავს - ან ვერ აზროვნებ, ან არ აზროვნებ, ეს არის „ნაცობა“. „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო პარტიას შეეწირნენ გმირი ჯარისკაცები,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას. 


„ხვალ რომ შევიჭრათ ჩვენ ცხინვალში ან სოხუმში, ეს იქნება ჩვენი დანაშაული და ჩვენი ღალატი იმიტომ, რომ ეს იქნება ავანტიურა. “ნაციონალური მოძრაობის“ პარტია დილიდან აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ საომარი მოქმედებები სეპარატისტებთან და რუსეთი იქცეოდა კარგად. ამას აცხადებდა  “ნაციონალური მოძრაობის“ პარტია და დანარჩენი ყველაფერი არის „ნაცობა“. “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, იაკობაშვილი, ლომაია და სხვები საუბრობდნენ ასეთ რაღაცებს, რომ ისინი სეპარატისტებთან აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს და მადლობას უხდიდნენ რუსეთს“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება და ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
 

„ჩვენ ვართ პირველ რიგში პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე. ვის მივმართეთ და ვის არა, ეს ნაცების საქმე არ არის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი. ფაქტს გეტყვით - „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება და ეს ოთხი დარჩა ოთხად 2012 წლის შემდეგ. დანარჩენი ყველაფერი არის „ნაცობა“ და ალოგიკურობა. “, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის შეფასებით,  „ნაცობა“ არის კატასტროფა და  „ნაცობა“ და ლოგიკა ერთმანეთთან არ არის თავსებადი. 

„რაც შეეხება თარიღს, კიდევ ერთი კატასტროფა, რაც უკავშირდება „ნაცობას“ და „ნაცობის“ ალოგიკურობას, ეს არის თარიღთან დაკავშირებული. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2009 წელი, 2010 წელი, 2011, 2012 წლების განმავლობაში, ეს ადამიანები აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? ეს  ნიშნავს, რომ უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია  „ნაცობა“. გაემიჯნეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. არ შეიძლება, მუშაობდე ტვ პირველში და ფორმულაში იმიტომ, რომ ეს ნიშნავს „ნაცობას“ და სირცხვილს“, -  განაცხადა პრემიერმა.

ჩვენი მხრიდან ვერც პირდაპირი, ვერც ირიბი აღიარება ე.წ. დამოუკიდებლობის ვერ მოხდება, შესაბამისად, ნებისმიერი მოწოდება, რომელიც ამისკენ მიანიშნებს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც თავდაუსხმელობის შეთანხმებასთან დაკავშირებით ალან გაგლოევის მოწოდებას შეეხებოდა.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ არის მშვიდობიანი გზა და ვერავითარ სხვა შეთანხმებასა და დოკუმენტზე საუბარი ვერ იქნება.

 

„ეს მოწოდება არ არის ჩვენთვის სერიოზული, რაც შეეხება თავდაუსხმელობას, ჩვენ ვაცხადებთ ერთადერთ რამეს - ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ არის მშვიდობიანი გზა და, რა თქმა უნდა, ვერავითარ სხვა შეთანხმებასა და დოკუმენტზე ვერ იქნება საუბარი. იქ ზახაროვა რაღაცას ამბობს, იქ კუბილიუსი რაღაცას ამბობს, თქვენ ნუ დასდევთ მათ განცხადებებს. კუბილიუსი პირდაპირ ემტერება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მტრობის მეტი არაფერი უკეთებია. ჩვენთვის ასეთი მოწოდებები სრულიად მიუღებელია. ჩვენი მხრიდან ვერც პირდაპირი, ვერც ირიბი აღიარება ე.წ. დამოუკიდებლობისა ვერ მოხდება, შესაბამისად, ნებისმიერი მოწოდება, რომელიც ამისკენ მიანიშნებს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,“- განაცხადა პრემიერმა.