"სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით" - პრემიერი

სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში, ევროპაში ამოქმედებულ ახალ კანონთან დაკავშირებით განუცხადა.

 

პრემიერის თქმით, მათ აქვთ პრეტენზია გამოხატვის თავისუფლებაზე, თუმცა ადგენენ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ კანონებს.

„გამოხატვის თავისუფლებაზე აქვთ პრეტენზია კონკრეტულ ქვეყნებს და ასეთ რაღაცეებს ადგენენ საკუთარი კანონმდებლობით. ნახეთ, სანამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია. სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.

 

პრემიერის თქმით, ამისათვის  იქნა მირებული შესაბამისი კანონები, მათ შორის, კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.

„რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, რასაც მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის და საბოლოო ჯამში, მისი არ მიყოლა მართლაც არის დაკავშირებული ადამიანების დევნასთან, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება და ამისათვის მივიღეთ შესაბამისი კანონები, მათ შორის, კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ამიტომ, ჩვენ აქ გვჭირდება მტკიცე პოზიციის გამოვლენა და პოზიციების დაცვა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ აქვთ პარტნიორებს ორმაგი მიდგომები, როდესაც შვედეთმა მიიღო კანონი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით და ანალოგიურ კანონზე ისმის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. 

„შვედეთი არის მაღალი ღობე, ჩვენ ვართ დაბალი ღობე. ეს არის მათი წარმოდგენა. ჩვენი წარმოდგენა სინამდვილეში ასეთი არ არის. ღობე არის ყველა ერთი სიმაღლის, ყველას აქვს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. თუ შვედი საჯარო მოხელე უნდა იყოს  დაცული, ქართველი საჯარო მოხელეც უნდა იყოს, ბუნებრივია, დაცული. ასეთ დროს, როცა ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დამძიმებულია მდგომარეობა ევროპულ ბიუროკრატიაში“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.