დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც თითოეულ ქართველს, მომავალ თაობებს მისცეს გმირობის მაგალითი და ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
პრემიერის თქმით, მათი გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება.
„დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც თითოეულ ქართველს, მომავალ თაობებს მისცეს გმირობის მაგალითი და ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა და ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება, რისთვისაც ღირს ყველაზე ძვირფასის გაწირვაც კი, ეს არის სიცოცხლე და სწორედ ამის მაგალითი მოგვცეს ჩვენ შინდისის გმირებმა. ჩვენი ვალია, რომ პატივი მივაგოთ შინდისის გმირების ხსოვნას“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი.
„2018 წლამდე ამ რეჟიმის და პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს მოხდა ასეთი რამ, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ და ამან მისცა ერთგვარი საბაბი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ. მაშინ იყო რთული პერიოდი, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის შიგნითაც „ქართულ ოცნებაში“ არ იყო მარტივი ვითარება და ჩვენ გაგვიჭირდა სალომე ზურაბიშვილის დაცვა მაშინ, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა. ამ განცხადების გამო სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს მოღალატედ და დღემდე ალბათ ძალაშია მათი ეს პოზიცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ხელისუფლების უმთავრესი ეროვნული ამოცანა.
„რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა. შესაბამისად, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, მან გააკეთა საპირისპირო და მმართველ გუნდს მოუწია თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა.
„2018 წელს ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ იმ მომენტისთვის 2008 წლის ომთან დაკავშირებით სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა. გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები. ასეთ პირობებში არ იქნებოდა სწორი სიმართლის თქმა და ზუსტად ის მოხდა, რაც ვუთხარით. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები, მან გააკეთა საპირისპირო, უარყოფის განცხადებები. ჩვენ მოგვიწია თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა და როგორც გახსოვთ, მთელი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია იყო აგებული სწორედ ამ თემაზე. რაზეც გავაფრთხილეთ, ზუსტად ის მოხდა. მაგრამ დღეს არის სხვა ვითარება - დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, დღეს ჩვენი პოზიციები არის ძლიერი, ასეთ პირობებში, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყველაფერთან, მათ შორის, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი გაყალბებული გზით იყო დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ომის დაწყებით მან გარე დავალება შეასრულა.
„2018 წელს პირველად განაცხადა „ნაცმოძრაობამ“, რომ მათ არ დაუწყიათ ომი, მანამდე არც ერთხელ არ გაუბედავთ ამის თქმა, რადგან ყველას გვახსოვდა, რაც მოხდა. 2008 წელს ომი როგორ დაიწყო, რა ხდებოდა 2008 წლის დილიდან, როდესაც გვიცხადებდა პირადად სააკაშვილი, გვიცხადებდნენ იაკობაშვილი, ლომაია და სხვები, რომ ისინი იღებდნენ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე, ისინი ათავისუფლებდნენ ცხინვალის რეგიონს, რუსები კარგად იქცეოდნენ, სეპარატისტები იყვნენ ცუდები და ა.შ. ეს ხომ ყველას გვახსოვდა, ამიტომ 2018 წლამდე ვერ ბედავდნენ საპირისპიროს თქმას და 2018 წელს გადაწყვიტეს, რომ თურმე არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს ასევე გადაწყვიტეს, რომ ომი დაიწყო არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს და ა.შ. ეს ყველაფერი არის სირცხვილი. 2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ცალსახად. ის იყო გაყალბებული გზით დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ამ მოღალატემ, გაყალბებული გზით დარჩენიმა მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა, 2008 წელს შეასრულა დავალება და დაიწყო ომი.
როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა მაგალითად, სანდრო გირგვლიანი, საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა. თქვენ გახსოვთ 2003 წელს ისინი გარედან დაგვისვეს ხელისუფლებაში, მოატყუეს ხალხი. ისინი იყვნენ თავიდანვე უცხოელი აგენტები, მათ ჩაიდინეს ღალატი 2008 წელს, შეასრულეს მთავარი მოღალატეობრივი დავალება, როდესაც დაიწყეს თავის დროზე ომი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.