ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება კონკურენტულ გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არის რამდენიმე შედარებით მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში და არიან შედარებით მცირე პარტიები.
„ჩვენ მთლიანად ვართ კონცენტრირებული საკუთარ საარჩევნო ამოცანებზე. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი და ამოცანა, ეს არის 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება. ხედავთ უკვე, როგორი სპექტრია, როგორია მათი პოზიციები. ჩვენ ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას.
„თბილისის მერობის კანდიდატებზე რა გვარებიც ისმის, იმის გათვალისწინებით, კახი კალაძე მინიმუმ 60 პროცენტს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას. თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება და ვფიქრობ, ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არის აბსოლუტურად რეალური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მერობის თითოეული კანდიდატი შეირჩა საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად.
„კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია, უკვე ბილბორდები და ბანერებიც არის გამოკრული. დღეს შემაჯამებლად ერთიან სიას გავაცნობთ საზოგადოებას, საერთო სურათი არის ის, რომ მოქმედი მერების, ან მერის მოვალეობის შემსრულებლების ნახევარზე მეტი, კვლავაც იქნებიან წარდგენილი კანდიდატებად მერის პოზიციაზე, თუმცა გვეყოლება ახალი სახეები. თითოეული კანდიდატი შერჩეული იქნა საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად, ეს არის კეთილსინდისიერება, ეს არის პროფესიონალიზმი. ვფიქრობ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში, თითოეულ მუნიციპალიტეტში და ამის გარანტი იქნებიან სწორედ ის კანდიდატები, რომლებსაც დღეს წარვადგენთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მინდა მივულოცო ჩვენს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანს და სომხეთს, მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, მთლიანობაში, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში მშვიდობის და ეკონომიკური კეთილდღეობის განმტკიცებას.
„ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით ამ შეთანხმების გაფორმებას. ყველანაირად ვცდილობდით, რა რესურსიც გვქონდა, ხელი შეგვეწყო ასეთი შეთანხმების გაფორმებისთვის. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ტრამპს უნდა გადავუხადოთ მადლობა. სწორედ მისი ლიდერობით იქნა უზრუნველყოფილი ამ ხელშეკრულების ხელმოწერა.
საბოლოო ჯამში, ჩვენთვის პრინციპულია, რომ განმტკიცდეს ჩვენი დამოუკიდებლობა. იგივე მიდგომა აქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებსაც, მაქსიმალური თავისუფლება, მაქსიმალური დამოუკიდებლობა. ეს ხელს შეუწყობს, როგორც მშვიდობის, ისე კეთილდღეობის განმტკიცებას ჩვენს რეგიონში.
საქართველოს უკავია კვლავაც ცენტრალური ადგილი ჩვენს რეგიონში. გასული 30 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მძიმე კონფლიქტი ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, ჩვენ უზრუნველვყოფდით მაქსიმალურად მშვიდობის განმტკიცებას. ეს იყო ჩვენი როლი, რასაც ძალიან აფასებენ ჩვენი მეგობრები, მეზობლები, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი. მომავალშიც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება. ეს არის ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ს სჭირდება სანდოობის დაბრუნება ამერიკული საბანკო სისტემის მიმართ, ისევე როგორც საერთაშორისო საბანკო სისტემის მიმართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რაზეც ისინი საუბრობენ.
„ზოგადად, ის პოლიტიკა, რომელიც წარმოებდა წინა ადმინისტრაციის პირობებში, საფრთხეს უქმნის სანდოობას საბანკო სისტემის მიმართ, შესაბამისად ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ამ მიდგომის გადახედვას, არის აბსოლუტურად ლოგიკური. აშშ-ს სჭირდება სანდოობის დაბრუნება ამერიკული საბანკო სისტემის მიმართ, ისევე როგორც საერთაშორისო საბანკო სისტემის მიმართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რაზეც ისინი საუბრობენ. მე ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი,“- განაცხადა პრემიერმა.