1-ელ მაისს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული პირების მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართება

1-ელ მაისს, ორბელიანების მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე 10 პროფკავშირი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია მსვლელობას გამართავს, რითაც გამოხატავენ პროტესტს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებისა და ზოგადად ქვეყანაში არსებული უსამართლო სოციალური პოლიტიკის გამო - ამის შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარემ, კახი სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიები კიდევ უფრო ფართოვდება და იზრდება რეპრესირებული საჯარო მოხელეების რიცხვი მხოლოდ ერთი უწყებიდან, საჯარო რეესტრიდან განთავისუფლდა უკვე 200-ზე მეტი საჯარო მოსამსახურე და ზოგად მთელ საჯარო სექტორში გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა 800 ადამიანს აჭარბებს.

განათლების სამინისტროში დაიწყო რეპრესიები, ეს ეხება ცენტრალურ აპარატს, იქ ხდება ე.წ. რეორგანიზაცია. რეალურად, აზრის გამო დევნა მიმდინარეობს. ეს პროცესი მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის სკოლებს, უნივერსიტეტებს. ფაქტობრივად, ყველა სკოლის დონეზე მოხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ჩარევა. მძიმე პროცესებს მივიღებთ. ამ მოვლენებთან ერთად, ვაპირებთ სოლიდარულები ვიყოთ საჯარო მოხელეების მიმართ, ვინც რეპრესიების ობიექტია. პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეა. ეს არის ევროპული ცივილიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენც 10 დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირთან ერთად ვაანონსებთ და განვახორციელებთ მსვლელობას, რომელიც დაიწყება კოლმეურნეობის მოედნიდან. ეს არის მოედანი, სადაც პირველად შედგა მშრომელების გამოსვლა. ამ სიმბოლური აქტით დავიწყებთ მსვლელობას 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით. ამის შემდეგ შევუერთდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას“, - აღნიშნა კახი სამხარაძემ.

პროფკავშირის თანათავმჯდომარის, მერიიდან განთავისუფლებული გიგა სოფრომაძის თქმით კი, ამ ადამიანების გათავისუფლება ცხადყოფს, რომ ქართულ ოცნებას ომი აქვს გამოცხადებული დასავლური ორგანიზაციებისა და სტრუქტურებისათვის და ამ მიზნით სახელმწიფო უწყებებიდან იშორებს იმ ადამიანებს, რომელთა მუშაობის მიმართულება და პიროვნული მიზნებიც ევროპული - ცივილური გარემოს შექმნაა.