საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით.
როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტით, იზრდება ჯარიმები უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მარტივდება არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
„პირველი არის საკითხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული კადრებიდან, თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ძალიან აწუხებს. ჩვენ ამ გამოწვევების ადეკვატურად გვინდა, რომ წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს – სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ასევე ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე, უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. იზრდება მნიშვნელოვნად ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოში უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა იწყება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს.
მდინარაძის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით უპატრონო ძაღლების რაოდენობა მერყეობს 300-დან 350 ათასამდე.
„ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას, აღსრულებას, რაც ამ უპატრონო ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს. ასევე, ავამუშავებთ ამ მიმართულებით ელექტრონულ პროგრამას და მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განმარტებით, პანდემიის პერიოდში ეს პრობლემა უფრო გამძაფრდა იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი თავის შინაურ ცხოველს ტოვებდა სახლის გარეთ, სხვადასხვა ადგილას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება, შესაბამისი ნიშნის დადებით ცხოველის იდენტიფიცირება და პატრონის მიკვლევადობა უზრუნველყოს, ხოლო ძაღლის მიტოვება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება.
„ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ასე მარტივად ცხოველის გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი. ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, მიკვლევადობა უზრუნველყოს თავის ცხოველთან მიმართებით, ე.წ. დაჩიპვა, ისეთი ნიშანი დაადოს, რომ შემდეგ გარეთ აღმოჩენილი ცხოველის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი და ასე უპატრონოდ, მაგალითად, ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი. მართლა არ შეიძლება, რომ აღარ მოგეწონა და ხვალ არაერთი ლეკვი შენი ძაღლის, რომელიც სახლში გყავს, სადღაც გარეთ დაყარო. ერთი მხრივ, ეს არ არის მთლად მორალური საქციელი და მეორე მხრივ, ამ ძაღლების გარეთ მიტოვებით პრობლემა შეუქმნა საზოგადოებას. მოკლედ, ამ საკითხის გადაჭრა ამ და სხვა შესაბამისი ნორმების მიხედვით იქნება შესაძლებელი, თუმცა ზოგადად, ეს ერთდღიანი, ერთთვიანი ან მცირეხნიანი პროცედურა არ არის, ამას სჭირდება წლები, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ამ თემაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.