ანკარაში შევთანხმდით, რომ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხრივი ფორმატის იდეა, რომელიც ორი წლის წინ წარმოიშვა, მაგრამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ვერ განხორციელდა, უნდა გამოვაცოცხლოთ და პირველი შეხვედრა წელსვე გაიმართოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს თურქეთის დედაქალაქში განუცხადა.
„ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია. რა თქმა უნდა, ვიზიტმა შესაძლებლობა მოგვცა, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობები კიდევ სხვა სიმაღლეზე გადავიყვანოთ. სამი წლის წინ, როდესაც თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა, თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, სადაც გაწერილია ის ჩარჩო, რის საფუძველზეც პარლამენტები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ერთი მხრივ, ამ თანამშრომლობის განხილვა მოხდა და მეორე მხრივ, გეგმების დასახვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში შედგება კომიტეტების ვიზიტები როგორც თურქეთიდან საქართველოში, ასევე საქართველოდან თურქეთში.
„მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით, რომ სამხრივი ფორმატი – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ფორმატი, რომლის იდეაც ორი წლის წინ წარმოიშვა, მაგრამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ვერ განხორციელდა, ეს იდეა უნდა გამოვაცოცხლოთ და პირველი შეხვედრა წელსვე გაიმართოს, რათა პარლამენტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა რეგიონულ თანამშრომლობაში მოვიყვანოთ, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, ერთმანეთის პარლამენტების დღის წესრიგი და ხედვები თანხვედრაში იყოს უსაფრთხოების, რეგიონული და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.