"ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას" - ირაკლი კობახიძე

ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი მკაფიო შეფასება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პრემიერის თქმით,  საქართველოს მთავრობა ჰერჩინსკისთანაც რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს რეჟიმი გაგრძელდება.

 

„ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას. ეს არის ჩემი მკაფიო შეფასება. ის აიძულეს ჩარეულიყო დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოში, როდესაც პირდაპირ გამოხატა საკუთარი პოზიცია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებას მოუწოდა, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ის არის ტრაგიკული პიროვნება, ამ ადამიანს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ იმუშაოს ელჩად. ჩვენ ბატონ ჰერჩინსკისთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს რეჟიმი გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება და დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი.

 

„რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს, პირველ რიგში, არის ღირებულებითი კრიზისი და მერე ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება, გაუმჯობესდება, მათ შორის, დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი. ჩვენ გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა,“- განაცხადა პრემიერმა.

 

კითხვაზე, რომელიც უვიზო რეჟიმს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შანტაჟი უნდა დასრულდეს და ეს არის საქართველოს ხელისუფლების მოწოდება ყველას მიმართ.

„ჩვენ ყველასთან გვაქვს სათანადო კომუნიკაცია, შანტაჟი უნდა დასრულდეს ეს არის ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ეს სანქციები ბევრ ქვეყანაში არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე საქართველოში.

 

„საპარლამენტო გამოძიება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. შესაბამისად, როდესაც უპატივცემულობა არის გამოხატული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმართ, ამას ნებისმიერ ქვეყანაში უპირისპირდება სათანადო სანქციები. ეს სანქციები ბევრ ქვეყანაში არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში. ჩვენთან მაქსიმალური სასჯელი არის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. როდესაც საგამოძიებო კომისიაზე არ მიდიხარ, ეს არის მძიმე სამართალდარღვევა თავისი შინაარსით შესაბამისად, მას აქვს დანაშაულის კვალიფიკაცია. არის არაერთი ევროპული ქვეყანა, სადაც სანქცია არის კიდევ უფრო მკაცრი ასეთ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. ჩვენს შემთხვევაში არის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. „დიფ სთეითი საერთოდ არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე. მათ ხანდახან ურჩევნიათ კიდეც, ციხეში ჰყავდეთ საკუთარი აგენტები - ეს ძალიან ტრაგიკული და სამწუხარო მოვლენაა“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  როდესაც საგამოძიებო კომისიას აქვს კითხვები, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას.

 

„მე ვერავის დავიჭერ, რაც შეეხება ადამიანის დაჭერა-არდაჭერას, ასეთი საკითხები წყდება სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ. რაც შეეხება ჯაფარიძეს, როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს - სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, რეაგირება იქნება. როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს  აქვს კითხვები, ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას. არ აღიარებენ, წავლენ ციხეში.  ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა „დიფ სთეითმა“, მათ არ აინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი, არ აინტერესებთ, ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ  იქნება, რა ბედი ეწევა პოლიტიკურად, არაფერი აინტერესებთ. როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ, გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას, შეიძლება, ამის გამო მოხვდე ციხეში, ეს არის „დიფ სთეითის“ აგენტების ბედი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.