ჩვენ თუ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს, პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა, რასაც განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოჯორში, ჯარის ბანაკის გახსნაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯარის ბანაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდებს, ჯართან ურთიერთობით, შესაძლებლობა აქვთ ემოციებით ეზიარონ ყველაფერს, რასთანაც ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობაა დაკავშირებული.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ჯართან ურთიერთობით, თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა, ემოციებით ეზიაროთ იმ ყველაფერს, რასთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობა. ჩვენი ჯარი არის ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი. 23 საუკუნის წინ დაფუძნდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და იქიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნისა და ქართული ჯარის ისტორია არის ერთმანეთისგან განუყოფელი. ყოველ ჯერზე, როდესაც ეს სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, პირველი, სწორედ, ქართველი ჯარისკაცი იდგა ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და ჩვენი დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ეს გრძელდება უკანასკნელი წლების განმავლობაშიც, მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამ 35 წლის განმავლობაში, ქართულ ჯარს გადახდა სამი ომი. ეს იყო უთანასწორო ომები, თუმცა სამივე ჯერზე ქართულმა ჯარმა და ქართველმა ჯარისკაცმა აჩვენა გმირობის უმაღლესი მაგალითი. ჩვენ თუ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა. ჩვენ ამას განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. ქართული საზოგადოება ამას აფასებს და ყველა კვლევით დასტურდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ქართული ჯარი არის პირველ ადგილზე საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით. ეს არის ის ნდობა, რომელიც ქართულმა ჯარმა დაიმსახურა ამ მრავალსაუკუნოვანი და ბოლო წლების განმავლობაში უკვე მრავალწლიანი მოღვაწეობით, თავისი გმირობით, ჯარისკაცების გმირობით და ეს არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა ვცეთ პატივი და გავუფრთხილდეთ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1700 ახალგაზრდას უშუალო შეხება ექნება ჯართან და გაეცნობა ჯარისკაცის ცხოვრების წესს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული -1700 ახალგაზრდას გექნებათ უშუალო შეხება ჯართან, გაეცნობით ჯარისკაცის ცხოვრების წესს, თავად ეზიარებით ამ ცხოვრების წესს და დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად მიიღებთ სარგებელს ამ დღეებიდან. გისურვებთ ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო 6 დღის გატარებას. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ემოციებით დატოვოთ ეს ბანაკი და მნიშვნელოვანი, მთავარი ამოცანა რაც აქვს ამ პროექტს, ეს არის ის, რომ გაიზარდოს ადამიანებში, ჩვენს ახალგაზრდებში, ჩვენს თანამოქალაქეებში პატრიოტული სულისკვეთება. მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის სწორედ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ვფიქრობ, რომ ეს პროექტი და ეს დღეებიც ამას ემსახურება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.