გიორგი გახარია ჩორჩანასთან დაკავშირებით ახალი კომისიის შექმნას ითხოვს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ითხოვს, შეიქმნას კიდევ ერთი კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა ჩორჩანის ტერიტორიაზე.

როგორც გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, გასარკვევია, რატომ შეფერხდა შემუშავებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა შვიდი საგუშაგოს გახსნას.

გიორგი გახარიას განმარტებით, ერთი საგუშაგო გაკეთდა მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, თუმცა პრემიერად დანიშვნის შემდეგ მოხდა ამ გეგმის საბოტაჟი და ამან გამოიწვია პირველი სერიოზული კონფლიქტი მასა და მაშინდელ სუს-ის ხელმძღვანელობას შორის.

„რაც შეეხება ამ საგუშაგოს, რეალურად, ამ გეგმით იქ უნდა გაკეთებულიყო შვიდი საგუშაგო. კარგად გახსოვთ, რომ პირველი საგუშაგო იქ გაკეთდა აგვისტოში, 24 აგვისტოს. ამის შემდგომ მე წარდგენილი ვიყავი პრემიერობის კანდიდატად 3 სექტემბერს. 8 სექტემბერს მე ვიყავი დამტკიცებული საქართველოს პრემიერად. ამ პერიოდში, როგორღაც გასაოცრად, იმ კოორდინატებზე ის საგუშაგოები, რომლებიც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები. მე გეუბნებით, მოვა დრო, როდესაც შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაარკვევს, რატომ მოხდა შეფერხება იმ გეგმის დასრულებისა, რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს გზა, რა გააკეთა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასულმა გომელაურმა იმისთვის, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა და გეგმა არ მიეყვანა ბოლომდე, ან რა გააკეთა მაშინ სუს-ში დამტკიცებულმა თუ მოადგილის ფუნქციით მოვალეობის შემსრულებელმა ლილუაშვილმა, მაშინ როდესაც ეს ყველა წერტილი, რომელსაც თქვენ დღეს ამაყად აფრიალებთ რუსეთის დროშებით, ეს ყველა წერტილი უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები. რაღაც მომენტში, როდესაც ეს გარდამავალი ეტაპი ხდებოდა, მაშინ მოხდა ამ გეგმის საბოტაჟი და, სხვათა შორის, მინდა, გითხრათ თითოეულ თქვენგანს, მე არ ვიცი, ტაბატაძე რამდენად არის საქმის კურსში, ეს იყო პირველი სერიოზული კონფლიქტი ჩემსა და მაშინდელ სუს-ის ხელმძღვანელობას შორის, რადგან ის გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და იქ რუსული დროშების მაგივრად, დღეს ქართული დროშები უნდა ყოფილიყო, ეს იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სუს-ის მიერ შემუშავებული გეგმა, რომლის სრულად განხორციელების პირობებში, რასაც თქვენ ამბობთ, საერთოდ საკითხი არ იქნებოდა. მოგიწოდებთ, შექმნათ კიდევ ერთი კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა ჩორჩანის ტერიტორიაზე. რატომ მოხდა ის, რომ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც იყო საქართველოს მხრიდან შემუშავებული და რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს საზღვარი – დღეს არის რუსების მიერ ჩადგმული რამდენიმე საგუშაგო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპასუხოდ, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ახალი კომისია არ შეიქმნება.

„ჩვენ ახალ კომისიას, რა თქმა უნდა, არ შევქმნით და ამ კომისიის ფარგლებში დავადგენთ იმ ფაქტებს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. სასაცილო ამბავს ვისმენ. ესე იგი, თურმე ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც აგვისტოს ბოლოს, ისე, რომ ეგონა, ეფექტური კონტროლი აღარ აქვს ქვეყანას მოცემულ ტერიტორიაზე, გადადგა ნაბიჯი საგუშაგოს დასადგმელად, გეგმავდა კიდევ ექვსი საგუშაგოს ჩადგმას, ამ დროს გადაინაცვლა პრემიერ-მინისტრის სკამზე და მას, ვინც გახდა ყველაფრის ხელმძღვანელი, აქვს პრეტენზია ვინმე სხვასთან, თქვენ გახდით ყველაფერზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„რაც შეეხება კონკრეტული საქმის მასალებს - პირველ რიგში ვიწყებ იმით, რომ საქართველოს მაშინ იმ ტყეზე კონტროლი არ ჰქონდა და ამ ტყეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, არამედ სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში. ამას ადასტურებს ასევე EUMM-ის 2019 წლის პრესრელიზი (რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა) და ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი საქართველოს არ ჰქონდა“ - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ, სადაც განიხილება სოფ. ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხი.

როგორც გახარია აღნიშნავს, ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა პერიოდულად – რადგან მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და ადგილი მზადდებოდა ბორდერიზაციისთვის. ეს ქმნიდა რისკებს. საოკუპაციო ძალები შედიოდნენ ტყეში, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს.

მისივე თქმით, საგუშაგოების განთავსების გეგმა 2018 წლის ბოლოს შემუშავდა და 2019 წლის დასაწყისიდან განხორციელება დაიწყო. გეგმით განსაზღვრული იყო კონკრეტული კოორდინატები, სადაც სახელმწიფო სტრუქტურებს საგუშაგოების განთავსება აუცილებლობად მიაჩნდათ.

„ჩემთვის მორალურად, ადამიანურად აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც სახელმწიფო, რომელიც თვლის, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს, სოფლის მოსახლეობას იყენებს იმისთვის, რომ ჩვენებები მოაგროვოს პოლიტიკური დევნისთვის — ეს ერთი. მაშინ, როდესაც თქვენივე მთავრობის შს მინისტრი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვეულებრივ ცრუმოწმედ აქციეთ და დამსმენად აქციეთ.

ახლა, რაც შეეხება კონკრეტული საქმის მასალებს - პირველ რიგში ვიწყებ იმით, რომ საქართველოს მაშინ იმ ტყეზე კონტროლი არ ჰქონდა და ამ ტყეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, არამედ სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში. ამას ადასტურებს ასევე EUMM-ის 2019 წლის პრესრელიზი (რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა) და ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი საქართველოს არ ჰქონდა.

შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისიდან, მათ შორის EUMM-იც, სუსიც, “გედედეს” შესაბამისი დანაყოფებიც , რომლებიც პერიოდულად (რადგან მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და ეს შეუძლებელი იყო) იქ იმყოფებოდნენ - აღმოჩენილი იყო ნიშნები იმისა, რომ ეს ტერიტორია ბორდერიზაციისთვის საოკუპაციო მხარეს მიერ მზადდებოდა. აქედან მომდინარეობდა ის რისკები, რის შედეგადაც იქ შესულ ადამიანებს აკავებდნენ - ზოგს უშვებდნენ.

ეფექტურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიაზე ვერ ახორციელებდა. ეფექტური კონტროლი ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარე - ოკუპირებული ტერიტორიიდან, ამ ტერიტორიაზე ვერ შემოდიოდა. ეს ნიშნავს, რომ სრულად ვაკონტროლებდით ტერიტორიას და ჩვენს მოქალაქეებს არ იტაცებდნენ. მაგრამ ამ ტერიტორიაზე შემოდიოდნენ საოკუპაციო ძალები, თანმიმდევრულად აკეთებდნენ მონიშვნებს, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, შედიოდნენ ტყეში და იქ ამყარებდნენ მწვანე საოკუპაციო რეჟიმის ბანერებს, ანუ სასაზღვრო მონიშვნებს.

რამდენიმე მაგალითი არსებობს დაკავებების შესახებ. ერთი იყო 2019 წელს, რამდენიმე 2018 წელს. ზუსტად ამ ტყეში დააკავეს მონადირე, წაართვეს იარაღი, არ დააკავეს, მაგრამ უთხრეს: “ჩადი სოფელში და გააფრთხილე ყველა, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და თქვენი ფეხი აქ მეორედ არ დავინახოთ”. ეს ყველაფერი EUMM-ის მასალებშიც არსებობს და სუს-ის მასალებშიც.

როდესაც სამი მიმართულებით არსებობდა საგანგაშო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალებს ყველაფერი მომზადებული ჰქონდათ ამ უზარმაზარი ტერიტორიის ბორდერიზაციისთვის, სწორედ ამ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. საგუშაგოების ჩადგმის გეგმაზე, რაც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ საქართველოს “გედედეს” წარმომადგენლებს, ისევე როგორც EUMM-ის წარმომადგენლებს, ჰქონოდათ შესაძლებლობა შეფერხების გარეშე ჩაეტარებინათ პატრულირება, რასაც ვერ ვახერხებდით და აღგვედგინა ეფექტური კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს მოსახლეობას და მაყურებლებს მინდა ვუთხრა: ჩვენ ვსაუბრობთ საოკუპაციო მხარეზე, მაგრამ ამ მხარეს, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. რაც შეეხება ამ ინფორმაციის დამუშავებას - ეს ინფორმაცია არ დაწყებულა ერთი ან ორი კვირით ადრე. პროცესი დაიწყო 2018 წლის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში, რომელშიც ყველა იყო ჩართული. შეიქმნა გეგმა, განსაზღვრული იყო კონკრეტული კოორდინატები, სადაც საგუშაგოების განთავსების აუცილებლობა არსებობდა.

მას შემდეგ, რაც ვერ ვახორციელებდით პატრულირებას, ხდებოდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ფაქტობრივი და ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე. სწორედ ამ პატრულირების აღსადგენად დაიგეგმა საგუშაგოების განთავსება. შეიქმნა გეგმა, რომლის შემუშავებაში მონაწილეობდნენ როგორც სუსი და მისი ანალიტიკური სამსახური, ასევე შსს“ - განაცხადა გახარიამ.

წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა, თუ კარგი ნაბიჯი იყო საგუშაგოების ჩადგმა, ეს რატომ არ გააგრძელა. „თქვენდამი დაქვემდებარებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ამის საშუალება არ მოგცათ?“ – მიმართა კითხვით წულუკიანმა გახარიას.

„რა თქმა უნდა, გავაგრძელებდი. „მინისტრმა საშუალება არ მომცა“ – არ მითქვამს. მინისტრმა და კიდევ ვიღაცამ დრო იხელთა, ორი კვირა. გამბედაობა არ ეყოთ, საქმე მიეყვანათ ბოლომდე, ეტყობა, „დიფ სთეითიდან “ დაურეკეს“, – განაცხადა საპასუხოდ გიორგი გახარიამ.

გვიღალატეთ, გაიქეცით და რუსი ხარო, მე მეუბნებით რუსეთში განათლებული კაცი, – ასე მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც სხდომას დისტანციურად ჩაერთო.

„გავიგეთ, რომ შეურაცხყოფას გვაყენებთ, გვიღალატეთ, გაიქეცით, ყველაზე ცუდები გგონივართ, რუსი ხარო, მე მეუბნებით რუსეთში განათლებული კაცი. ეს გავიგეთ, მაგრამ, ამბობთ, რომ ელგუჯა ხარაზიშვილმა იცრუა? ელგუჯა ხარაზიშვილი, რომელიც აქ იყო მოსული, ჩორჩანასთან ცხოვრობს. თქვა, რომ მას შემდეგ, რაც თქვენ მიერ საგუშაგო ჩაიდგა, ვეღარ შევდივართ ტყეში, რომელიც ძველად საკოლმეურნეო ტყე იყო და სოფელი ვსარგებლობდითო. შესაბამისად, აცხადებთ, რომ ელგუჯა ხარაზიშვილმა იცრუა?, – მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.

გიორგი გახარიას თქმით, ელგუჯა ხარაზიშვილთან დაკავშირებით ასეთი რამ არ უთქვამს.

„არ მითქვამს და არასოდეს ვიტყვი. თქვენგან გასხვავებით, ელგუჯა ხარაზიშვილი ღირსეული ადამიანია“,  – განაცხადა გახარიამ.

თეა წულუკიანმა გახარიას კიდევ ერთხელ მიმართა: „ელგუჯა ხარაზიშვილი თქვენ მიერ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ ვეღარ შედის ტყეში“, რაზეც გახარიამ აღნიშნა: „ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.