საკადრო კუთხთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ამ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ კორუფციის შემცირების მიმართულებით გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები გამჭვირვალობის მიმართულებით და დღეს მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტი, დადგენილება და განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე.
„ჩემთვის საამაყოა ის გუნდი, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული საქართველოს მთავრობაში. არამარტო მინისტრების დონეზე, ქვედა დონეზეც არაერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა. ასევე, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები გამჭვირვალობის კუთხით. გამჭვირვალობა ძალიან არ უყვართ ჩვენს ოპონენტებს, დემოკრატიის დიდ მიმდევრებს, „ენჯეოებს“, მათ გარე პატრონებს, თუმცა გამჭვირვალობა მთავრობისთვის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. თქვენ იცით, რომ ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ ამ მიმართულებით - საქართველოს მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტი, დადგენილება და განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ყველას შეუძლია ნახოს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მთავრობამ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. ჩვენ გამოვეცით ათასობით სამართლებრივი აქტი, ყველას შეუძლია გაეცნოს ამ აქტებს და თუ ერთ აქტში მაინც აღმოაჩენენ კორუფციის რისკებს, ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვაგებთ პასუხს. დღემდე, არ ყოფილა არც ერთი აქტი, რამაც გააჩინა თუნდაც ეჭვი კორუფციასთან დაკავშირებით, არავითარი საფუძველი ამისათვის არ მიგვიცია არავისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სრულად გამჭვირვალეა ათასობით სამართლებრივი აქტი, რომელსაც გამოსცემს საქართველოს მთავრობა,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთა, რაც არის კორუფციის პრევენციის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი.
„პრაქტიკის დახვეწის მიმართულებით, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთა, პრაქტიკულად, საერთოდ აღარ ხდება უძრავი ქონების გაყიდვა პირდაპირი წესით, რაც არის კორუფციის აღკვეთის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი. სხვა მიმართულებითაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაუმჯობესდეს ჩვენი პროექტების ხარჯეფექტიანობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯეფექტიანობა. აქაც გვინდა შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც ყველას ექნება პროექტებზე დაკვირვების შესაძლებლობა, მათ შორის, ხარჯეფექტიანობის კუთხით. სრული გამჭვირვალობა იქნება უზრუნველყოფილი, არც ერთ შემთხვევაში, პროექტების ღირებულება არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ეს არის საბაზრო ღირებულება. მაქსიმალური გამჭვირვალობა და მაქსიმალური ხარჯეფექტიანობა იქნება უზრუნველყოფილი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, ყველა მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები იმისათვის, რომ არ არსებობდეს არავითარი კითხვის ნიშანი კორუფციასთან დაკავშირებით.
„გაძლიერდება კონკრეტული ინსტიტუტები, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციაში გავაძლიერეთ ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს აუდიტს და აკონტროლებს, მათ შორის, მსხვილ შესყიდვებს სამთავრობო უწყებებში. ასევე, გაძლიერდება სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რასთან დაკავშირებითაც გვქონდა მნიშვნელოვანი კონსულტაციები. გაძლიერდება სუს-ის ანტიკორუფციული მიმართულება. ყველა მიმართულებით დაიხვეწება სისტემა, რომ მაქსიმალურად აღიკვეთოს კორუფცია და განხორციელდეს კორუფციის პრევენცია,რასაც საზოგადოება დაინახავს საკუთარი თვალით. მათ შორის, ჩვენი კონკრეტული ნაბიჯები პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპებზეც. დადებითი მიმართულებით უნდა შეიცვალოს ეკონომიკური ზრდის ტემპი დამატებით, იმაზე ზევით, რაც აქამდე გვქონდა. ამას უზრუნველყოფს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, მთავრობას სწორი კონცეფციით შეუძლია, 3 წელიწადში შექმნას ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი განათლების მისაღებად.
„ჩვენ, ხვალ, ვიკრიბებით კომისიის ფორმატში და ვფიქრობთ, თვის ბოლომდე ფართო საზოგადოებას წარვუდგენთ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს საუნივერსიტეტო სისტემის ფუნდამენტურად გადალაგებას. დღეს, უამრავი პრობლემაა საუნივერსიტეტო სისტემაში, მათ შორისაა მაგალითა პროფესურა, არასაკმარისი შრომის ანაზღაურება, რაც შემდეგ, ხშირად, მათი ნაწილის კვალიფიკაციაზეც უარყოფითად აისახება. ინფრასტრუქტურა არ არის შესაბამისად განვითარებული, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. ყველაფერი პრობლემურია ინფრასტრუქტურის ნაწილში. საგანმანათლებლო პროგრამები არ არის დახვეწეილი, ძალიან ბევრი მიმართულებით. სახელმძღვანელოები არ გვაქვს ბევრი მიმართულებით ძირითად საგნებშიც კი და ა.შ. უამრავი პრობლემაა, რასაც მოგვარება სჭირდება. ჩვენ უკვე, პრაქტიკულად, დამუშავებული გვაქვს გეგმა, რომელიც ყველა ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს. ჩვენ შეგვიძლია, 3-წლიან პერსპექტივაში, მხოლოდ გადალაგების, სწორი დალაგების გზით, რადიკალურად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. დღეს, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მიდის სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათ შორის, ბაკალავრიატის დონეზე. 3 წელიწადში, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც, ჩვენს ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი განათლების მისაღებად. ამის ყველა შესაძლებლობა არსებობს, მთავარია სწორი მიდგომა, სწორი კონცეფცია და ვფიქრობთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. თვის ბოლოსთვის უკვე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა გვქონდა 9,4%, გასული ოთხი წლის განმავლობაში საშუალო წლიური ზრდა იყო 9,4%, რითაც საქართველო პირველ ადგილზეა ფართო რეგიონში და ევროპაში.
„სიღარიბე 11,8%-დან შემცირდა 9,4%-მდე. ეს ნიშნავს იმას, რომ მარტო შარშან 90 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. არის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელი. მარტო შარშან საქართველოში შეიქმნა 68 ათასი სამუშაო ადგილი. ვიღაცები ძალიან ნერვიულობენ ამაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, სხვა პარამეტრებს აღარ შევეხები და ცდილობენ, წარმოაჩინონ ეს ყველაფერი, როგორც სიყალბე, ათასი უსაფუძვლო სპეკულაციური განცხადება მოგისმენიათ ამასთან დაკავშირებით. სტატისტიკა არის ერთი, მაგრამ მთავარი არის ბიუჯეტი და გადასახადები. მაგალითისთვის, 2020 წელს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საქართველოს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით შეიტანეს 3 მილიარდ 80 მილიონი ლარი, რაც შეეხება 2025 წლის გეგმას, ეს არის 8 მილიარდ 55 მილიონი. 6 თვის მონაცემებით, ეს გეგმაც გადაჭარბებით სრულდება, ანუ მინიმუმ 8 მილიარდ 100 მილიონზე გავალთ წლის ბოლოს საშემოსავლო გადასახადის კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში 2,6-ჯერ გაიზარდა ჯამში ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავლები, შრომის ანაზღაურება. მე ხომ არ შემაქვს ეს დამატებითი 5 მილიარდი სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ერთობლიობა, რომლებსაც ან გაეზარდათ ხელფასი, ან დამატებით დასაქმდნენ. მარტივად აისახება ეს ყველაფერი. მარტო ბოლო სამი წლის განმავლობაში 185 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში, მარტო შარშან გაჩნდა 68 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. საშუალო ხელფასი გაიზარდა 2170 ლარამდე და შედეგი რა არის, რომ ეს ადამიანები გადასახადებს იხდიან. გადასახადებს ხომ ვერ გააყალბებ, ბიუჯეტი ხომ ივსება? მოსახლეობის ფართო ფენას მოიცავს ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ესეც არ არის საკმარისი. მართალია, სიღარიბე 2,4%-ით შემცირდა, მაგრამ ჯერ კიდევ 9,4%-ია, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან დიდი მაჩვენებელია. 350 ათასი მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს უნდა განულდეს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთ უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და შესაბამისად ამოცანა. ამ მიმართულებით მივდივართ სწრაფი ტემპით. მთავარია, ეს ტემპი არ დავაგდოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ანტიკორუფციული ნაბიჯები, ახალი ეკონომიკური ინიციატივები, უზრუნველყოფს იმას, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება ეკონომიკური ზრდის ტემპი ქვეყანაში იმასთან შედარებით, რასაც ამბობს სავალუტო ფონდი.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ ზრდის კუთხით პირველ ადგილს ფართო რეგიონში და ევროპაში შემდეგი 6 წლის განმავლობაში და მათი საშუალო პროგნოზი არის წელიწადში 5,2%, თუმცა ვფიქრობთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ჩვენ, როგორც ამას წინა წლებში ვახერხებდით, შევძლებთ სავალუტო ფონდის პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას. ჩვენ თუ მოვახერხებთ საშუალოდ 6,5% ზრდის შენარჩუნებას, სიღარიბე ძალიან სწრაფი ტემპით შემცირდება და განულდება საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანაში. ტემპი გვაქვს კარგი, მიმართულება გვაქვს სწორი, მთავარია, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ყველა ნარკოტიკი არის ერთნაირად დამაზიანებელი ადამიანის ფსიქიკისთვის და ფიზიკური მდგომარეობისთვის.
„რაც შეეხება ნარკოტიკების პოპულარიზაციას და კამპანიებს, ახლაც კი სოციალურ მედიაში წარმოებს კამპანიები, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკოსებიც კი არიან ჩართულები, „ენჯეოშნიკები“, ამ აქციის მონაწილეები, ზუსტად იგივე ადამიანები, ვინც ჩვენ დემოკრატიის უკუსვლაში გვედავებიან. იგივე ადამიანები აწარმოებენ ნარკოტიკების მოხმარების პოპულარიზაციას. განსაკუთრებით, მარიხუანის და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მიმართულებით. ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ყველა ნარკოტიკი არის ერთნაირად დამაზიანებელი ადამიანის ფსიქიკისთვის და ფიზიკური მდგომარეობისთვის, ამიტომ, ჩვენთვის პოპულარიზაცია კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება მომხმარებელთა მიმართ დამოკიდებულებას - ეს დამოკიდებულება უნდა იყოს სრულიად ჯანსაღი და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ნარკოდამოკიდებული ადამიანების განკურნება. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთადერთი ამოცანა. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ამ კუთხით რეპრესიული პოლიტიკა, არამედ, განკურნება უნდა იყოს მთავარი მიზანი და ამოცანა. რაც შეეხება რეალიზატორებს, აქ სახელმწიფო უნდა იყოს აბსოლუტურად უკომპრომისო. თქვენ უკვე ნახეთ ის მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა. მსხვილი ნარკორეალიზატორები იქნენ დაკავებულები, 18 ნარკორეალიზატორი ქვეყნის მასშტაბით. ამ მიმართულებით გაგრძელდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. 300 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული, რომლის ფასი დანიშნულების ადგილზე იყო 300 მილიონი ევრო. ძალიან ბევრი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და გადაიდგმება მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი იყო მთავრობის გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებით.
„მთლიანად ავკრძალეთ კერძო იმპორტი და გამკაცრდება კონტროლი აფთიაქებზე და რეცეპტების გამოწერის პრაქტიკაზე. ჩვენ მუდმივ რეჟიმში დავაკვირდებით სტატისტიკას და საზოგადოებასაც მუდმივ რეჟიმში წარვუდგენთ სტატისტიკას. სტატისტიკის შემცირება არის ერთადერთი ინდიკატორი იმისა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები აღარ იქნება გამოყენებული არადანიშნულებისამებრ, ანუ ნარკოტიკული თრობის დანიშნულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით.
„აქაც სახელმწიფო აიღებს მთლიანად თავის თავზე ამ სერვისს. თვითონ პრაქტიკა გაუმჯობესდება. თავიდან ბოლომდე პაციენტის განკურნებაზე იქნება ორიენტირებული ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურება. თუ ხედავს სახელმწიფო, რომ კონკრეტული პაციენტი არ არის ორიენტირებული განკურნებაზე და ის მოიხმარს ნარკოტიკს, ამ შემთხვევაში მკურნალობის პროცესი უნდა შეწყდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე თვეში მთავრობის ნაბიჯები საზოგადოებისთვის ხელშესახები იქნება.
„რეალიზატორების დაკავება, ფსიქოტროპულების იმპორტის აკრძალვა კერძო სუბიექტების მიერ, ჩანაცვლებითი თერაპიის პრაქტიკის დახვეწა, ამოღების მასშტაბები - ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული სენი, რომელიც სამწუხაროდ, ფართოდ არის გავრცელებული საზოგადოებაში და ამას მაქსიმალურად უნდა ვებრძოლოთ. უკვე არის შედეგები სახეზე, მაგრამ ძალიან ხელშესახები იქნება რამდენიმე თვეში ჩვენი ნაბიჯები საზოგადოებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.