„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის გადაყვანილი და კვლავ კლინიკა „ვივამედში“ რჩება.
როგორც ორგანიზაცია წერს, ამ დროისთვის უცნობია, რის საფუძველზე რჩება მზია ამაღლობელი კლინიკაში.
„მზია ამაღლობელი ამ დრომდე არ არის გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში და კვლავ კლინიკაში რჩება. გუშინ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან ოფიციალურად უკვე გაწერილია კლინიკიდან. ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ და რის საფუძველზე რჩება მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა. დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვს თავად მზიაც“, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.