Телеканал Дождь წერს, რომ 15 ივნისს, ბათუმი-მოსკოვის რეისზე Azimuth-ის თვითმფრინავს ძრავის დამცავი გარე საფარი მოსძვრა. თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან ბათუმში მიფრინავდა, თუმცა ინციდენტის გამო მოსკოვში მოუწია დაბრუნება.
მომხდართან დაკავშირებით ავიაკომპანიამაც გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რეისი A47053-ი "ტექნიკური მიზეზის" გამო, ვნუკოვოს აეროპორტში დაბრუნდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მგზავრებს ბათუმში სარეზერვო თვითმფრინავით გადაიყვანდნენ.
შარშან რუსულმა ავიაკომპანიებმა ქართულ საავიაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს. ორ რუსულ კომპანიას ჯამში ბაზრის 8%-ზე მეტი უკავია. 2023 წელს მთავრობამ ევროკავშირის და აშშ-ის კრიტიკის და მეორადი სანქციების საფრთხის მიუხედავად, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინა. ფრენების აღდგენას ევროკავშირის ქვეყნების დემარში მოჰყვა, თუმცა “ქართული ოცნების” მთავრობა ფინანსური სარგებელზე აკეთებდნენ აქცენტს და ირწმუნებოდა, რომ სანქცირებული ბორტები და კომპანიები საქართველოში ვერ იფრენდნენ. დღეის მდგომარეობით საქართველოში ორი რუსული ავიაკომპანია Azimuth და Red Wings ოპერირებს. ქართული საავიაციო ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, შარშან რუსული ავიაკომპანიები ჯამში 624 154 მგზავრს მოემსახურნენ. აქედან Red Wings - 333 010; ხოლო Azimuth - 291 144.