საბერძნეთში, ქიოსის კუნძულზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით ქართველი ქალი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
მეხანძრეების განცხადებით, ქალი სამშაბათს ღამით დააკავეს, მას სიგარეტის გადაგდების გამო ბრალი ცეცხლის განზრახ წაკიდებისთვის წაუყენეს. ხელისუფლება ხანძრის მიზეზებს კვლავ იძიებს.
ამ დროისთვის, ხანძრის ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები.
ცნობისთვის, ქიოსის კუნძულზე ცეცხლი კვირას გაჩნდა. საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს განცხადებით, ხანძარმა, სამ დღეში, 10 000 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწები გაანადგურა. ხანძრის გამო ევაკუირებულია ასობით ადამიანი.