საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ფინეთთან 79:93 დამარცხდა.
ფინელები მთელ ჩემპიონატს ერთი სტრატეგიით ატარებენ – სწრაფად უტევენ და ოდნავ თუ სივრცე გაუთავისუფლდათ, პერიმეტრიდან ტყორცნიან.
მათ მერვედფინალში სერბეთს 15 სამიანი ჩაუგდეს და ფავორიტი შინ გაუშვეს. სუომის (ასე უწოდებენ ფინელები საკუთარ თავს) ტაქტიკა ცხადია, შეისწავლა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა – მისი შეგირდები მაქსიმალურად უზღუდავდნენ სივრცეს მეტოქეს, მაგრამ მოწინააღმდეგეები მაინც პოლობდნენ სასროლ პოზიციას.
პირველ ტაიმში ფინეთმა 15-დან 10 სამიანი ჩააგდო, რაც 30 ქულაა, 57:40-ასე დასრულდა საწყისი 20 წუთი.
თავის მხრივ, საქართველო პერიმეტრიდანაც შედეგიანი იყო (7 სამქულიანი პირველ ტაიმში), გუნდი სამწამიანი წონიდანაც აგდებდა, 40 ქულა ურიგო შედეგი არ არის, თუმცა 57 მიღებული ქულა ძალიან ბევრია.
მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში თამაში გამოასწორა, ფინეთს მხოლოდვ 2 სამქულიანი ჩააგდებინა და ანგარიშში სხვაობაც შემცირდა – 62:71 მეოთხე პერიოდის წინ.
მეოთხე მეოთხედში ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი მეტოქეს 6 ქულამდეც მიუახლოვდა, თუმცა ოლივიერ ნკამუამ შეტევის ბოლო წამზე ფაქტობრივად ცენტრიდან ჩააგდო სამქულიანი და 9-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. პერიოდის ბოლოს დისკვალიფიკაციები მიიღეს გოგა ბითაძემ და თორნიკე შენგელიამ, მათ თამაში ნაადრევად დატოვეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო 22 ქულით სანდრო მამუკელაშვილი იყო, 19 ქულა ჰქონდა დუდა სანაძეს, მან 5 სამქულიანი ჩააგდო, 18 ქულით დაასრულა მატჩი თორნიკე შენგელიამ, 14 ქულით – გოგა ბითაძემ.
რიცხვები
საქართველოს ნაკრები ფინეთს ისტორიაში მეათედ შეხვდა და საერთო ანგარიში გათანაბრდა – 5:5.
საქართველოს ნაკრების ცენტრისთვის, გიორგი შერმადინისთვის ეს იყო ეროვნულ გუნდში ჩატარებული მე-200 მატჩი.
„ჯვაროსნებმა“ ევრობასკეტი მეოთხედფინალში დაასრულეს, რაც ისტორიული შედეგია. აქამდე ყველაზე მაღალი შედეგი მერვედფინალი იყო (2015 წელს).