ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული

ზურიკო დავითაშვილი თებერვალში ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტებს შორის მოხვდა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოცემა Actu Ligue 2 ავრცელებს.

„წარმოგიდგენთ ლიგა 2-ის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ნომინანტებს. ესენი არიან: ტაუფიკ ბენტაები („ტრუა“), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“) და ფამარა დიედჰიუ („კლერმონი“)“, – წერს Actu Ligue 2, რომელმაც გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა დაიწყო.

ზურიკო დავითაშვილი მიმდინარე სეზონში „სენტ-ეტიენის“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა – მის ანგარიშზე 14 საგოლე მოქმედებაა (11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა), რაც გუნდში საუკეთესო შედეგია.

ქართველმა ფეხბურთელმა თებერვალში ლიგა 2-ში 3 გოლი გაიტანა, ბოლო ტურში, „რედ სტართან“ შეხვედრაში კი ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.