საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ნაკრები მონტენეგროში დასრულებული ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. საქართველოს ვაჟთა და ქალთა შერეულმა გუნდმა შეჯიბრების ფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხა.

ფინალში თავიანთი შეხვედრები მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიგეს, ხოლო ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი და მიხეილ ბახბახიშვილი დამარცხდნენ.

ანგარიშზე 3:3, შემთხვევითობის პრინციპით, ოქროს ქულამდე დამატებითი შეხვედრა დაინიშნა, რომელშიც სოფიო სომხიშვილმა ასია ტავანო დაამარცხა და ჩვენმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე საქართველოს შერეულმა ნაკრებმა აზერბაიჯანს (4:0), ავსტრიასა (4:1) და გერმანიას (4:0) მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე გახდნენ, ხოლო ვერცხლის მედლებს ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი დასჯერდნენ.

 

"პირველი არხი"