GeoTeam-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს, გუნდთან ერთად ივარჯიშა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის თასის ფინალში, „რეიმსთან“ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერი პარიზელების სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველივე წუთებიდან უნდა ეთამაშა, მაგრამ თავი შეუძლოდ იგრძნო და ლუის ენრიკემ ის თამაშიდან გაათავისუფლა.
გაჩნდა კითხვა, ხომ არ გამოტოვებდა კვარაცხელია 31 მაისს დაგეგმილ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მილანის „ინტერთან?“
თუმცა, პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ იმ დღესვე თქვა, რომ ხვიჩას ტრავმა საგანგაშო არ იყო და 27 მაისს ვარჯიშს განაახლებდა – ასეც მოხდა.