საერთაშორისო სცენაზე აღიარებული ხმა თბილისიდან - არტისტი Swave პოლონეთის ეროვნულ ცერემონიაზე
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 99
თანამედროვე ქართული მუსიკა კიდევ ერთხელ აჟღერდა ევროპულ სცენაზე — ქართველი არტისტი Swave (სვეივი), იგივე დავით გაურგაშვილი, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ მაზოვიის სავოევოდოს სასწრაფო დახმარების დღის ეროვნულ ცერემონიაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა.
ღონისძიება 2025 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა და მას ესწრებოდა პოლონეთის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა. სწორედ ამ მაღალი რანგის ცერემონიაზე დავითი გახლდათ ერთადერთი უცხოელი შემსრულებელი, რომელმაც სცენაზე თავისი მუსიკით პატივი მიაგო ღონისძიებას და პოლონელი პარამედიკოსების დაჯილდოება მუსიკალურად გააფორმა.
სვეივის გამოსვლა აღიქმება, როგორც საქართველოს კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის მაგალითი – მომღერალმა, რომელიც თბილისში დაიბადა და დღეს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე გამოდის, პოლონეთის ეროვნული ცერემონიიდან კიდევ ერთხელ გააჟღერა ქართული ხმის მრავალფეროვნება.
დავით გაურგაშვილი ბავშვობიდან არის ჩართული მუსიკაში. ბოლო წლებში მან ჩამოაყალიბა თავისი ხელწერა – ქართულისა და ინგლისურის შერწყმით შექმნილი თანამედროვე ჟღერადობა, რომელიც წარმატებით ასპარეზობს ევროპის ქვეყნებში და აკავშირებს კულტურებს.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლიპი, „Mirage“, ბათუმშია გადაღებული და ქალაქის ვიზუალურ პოპულარიზაციასაც ემსახურება. შემდგომ გამოვიდა ტრეკები „Midnight“ და „Señorita“, ხოლო მისი მუსიკა რეგულარულად ჟღერს ესპანეთის პოპულარულ რადიოსადგურზე Radio Marbella-ზე.
Swave-ის საერთაშორისო წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული მუსიკა საზღვრებს სცდება და ეს წარმატება უკვე არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ კულტურული გამარჯვებაა.
