ვის (არ) ექნება დღეიდან საჯარო სამსახურში ერთზე მეტი ანაზღაურებადი თანამდებობის დაკავების უფლება?

დღეიდან პირველი ნოემბრიდან, ძალაში შედის  პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლითაც, გამონაკლისების გარდა, საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმება იკრძალება.

ცვლილებები შეეხება საჯარო სამსახურისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონებს და მოიცავს სასანქციო მექანიზმებსაც.

დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან პირს, რომელიც ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობას დაიკავებს, ვალდებულება ექნება დატოვოს ყველა პოზიცია და ორი წლის განმავლობაში ჩამოშორდეს საჯარო სექტორში საქმიანობას. გარდა ამისა, ის ვალდებული იქნება, მიღებული ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნოს.

საჯარო მოსამსახურეს (გარდა პრეზიდენტისა, პარლამენტის წევრისა და მთავრობის წევრისა) უფლება აქვს, შეასრულოს შემდეგი ანაზღაურებადი სამუშაოები ან საქმიანობები ძირითადი სამსახურის პარალელურად:

სამეცნიერო საქმიანობა (შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით).

პედაგოგიური საქმიანობა (შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით).

შემოქმედებითი საქმიანობა (შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით).

სპორტული საქმიანობა (ეს ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში და სხვა მსგავს დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, შესაბამისი თანხმობის საფუძველზე).

საქმიანობა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში.

საქმიანობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ შემდეგ სფეროებში: სამედიცინო სფერო; საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო; საავიაციო სფეროს სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში.

საქმიანობა საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე, თუ ის ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად.

ამავე პაკეტში შესული ცვლილებებით, 1-ელი აგვისტოდან მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი გახდა.