მოვუწოდებთ ყველას, ვინც აპირებს სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უარი თქვან განზრახვის აღსრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ, შეეგუონ მკაცრ სასჯელს - სუსი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 5
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აპირებს სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უარი თქვან დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ, შეეგუონ მკაცრ სასჯელს, – ამის შესახებ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა განაცხადა, უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენასა და მათ შემდგომ აღკვეთას.
„შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აპირებს საკურორტო ზონებში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უკანონო მშენებლობების წარმოებას და მსგავს ქმედებებს, უარი თქვან დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულებაზე და დაემორჩილონ კანონს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ შეეგუონ მკაცრ სასჯელს“, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.
ამასთან, როგორც გაგნიძემ აღნიშნა, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.
