მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშება გადაიდო - ყველაფერი, რაც ვიცით

მწვანე ბარათის გათამაშება, რომელზეც რეგისტრაცია მიმდინარე წლის ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო, გადადებულია. აქამდე ითვლებოდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2027 წლის საიმიგრაციო ვიზის გათამაშებაზე რეგისიტრაცია მთავრობის ე.წ. შათდაუნის გამო არ გახსნა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მიზეზი პროგრამაში მონაწილეობის წესების ცვლილებაა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მთავრობას ცვლილებები შეაქვს მწვანე ბარათის მიღების პროცესში.

"ჩვენ რაც შეიძლება მალე გამოვაცხადებთ DV-2027-სთვის სარეგისტრაციო პერიოდის დაწყების თარიღს, ასევე თარიღს, როდესაც DV-2027-ის შერჩევის შედეგები შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს.

ეს ცვლილებები გავლენას არ მოახდენს გათამაშების მომავალი გამარჯვებულებისთვის ვიზაზე განაცხადის პერიოდზე, რომელიც 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2027 წლის 30 სექტემბრამდე შენარჩუნდება", - წერს სახდეპი.

გათამაშების დაწყების თარიღი, სახდეპის ცნობით, პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოცხადდება.

მრავალფეროვნების ვიზის (Diversity Visa) პროგრამა, რომელიც ცნობილია, როგორც მწვანე ბარათის ლატარია, ათასობით ადამიანს აშშ-ში მუდმივი ბინადრობის მიღების შანსს აძლევს. DV-2027 რეგისტრაციის პროცესში შეტანილმა, ცვლილებებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს განმცხადებლების რეგისტრაციის წესსა და ვადებზე.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოციალურ მედიაში განაცხადეს, რომ DV-2027-ის რეგისტრაციის პერიოდი ამჟამად არ არის გახსნილი, რითაც საზოგადოებას აფრთხილებენ თაღლითური განცხადებებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც ცრუდ ამტკიცებენ, რომ რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ან რომ შერჩევის შანსები შეიძლება გაიზარდოს.

მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, იგივე მწვანე ბარათის გათამაშება, კონგრესმა 1990 წელს დაიწყო. ის წელიწადში 55 000 ვიზის გაცემას ითვალისწინებს. აპლიკანტებმა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უნდა დააკმაყოფილონ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის საშუალო სკოლის განათლება ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.

DV პროგრამის 2026 წლის ციკლში არ მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: ბანგლადეში, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი (კონტინენტური ნაწილი და ჰონგ-კონგი), კოლუმბია, კუბა, დომინიკის რესპუბლიკა, სალვადორი, ჰაიტი, ჰონდურასი, ინდოეთი, იამაიკა, მექსიკა, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ვენესუელა და ვიეტნამი.

2025 წლის აგვისტოდან მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაცია ფასიანი გახდა და $1-ით განისაზღვრა.