გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის - სეს-ის გაფრთხილება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 85
"გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის" - ასეთია სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილება, რომლითაც ისინი მოსახლეობას მიმართავენ.
"სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01", - აცხადებენ სააგენტოში.
უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი).
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს. რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიურ რეჟიმში ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს.
